ივანიშვილი – “ღარიბაშვილი ავტორიტეტი არ იყო, მას არც იურიდიული განათლება ჰქონდა და არც ფინანსური”

ივანიშვილი - "ღარიბაშვილი ავტორიტეტი არ იყო, მას არც იურიდიული განათლება ჰქონდა და არც ფინანსური"“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ბოლო ერთი კვირაა ბერმუდის სასამართლოს ჩვენებებს აძლევს. შაბათის ფორმულამ სასამართლოში ივანიშვილის 3 ჩვენება მოიპოვა. გაირკვა ვის უფორმებდა ქონებას და ვინ არიან ის ადამიანები მისი პირადი გარემოცვიდან, ვის გამოც შესაძლოა დაკარგა სადავო 400 მილიონი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა საქართველო დატოვა, თუმცა შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ის ბერმუდის სასამართლოს ჩვენებას ყოველდღე, ჭორვილის რეზიდენციიდან აძლევდა.

– ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი. ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუ კრედიტ სვისი მიმანიშნებდა, რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი. აი, წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, იგივე, ვთქვათ, ჩამოდიოდა დელეგაცია, დელეგაციას უნდოდა დროის შეთანხმება, მინდოდა რაღაც ფულის გადარიცხვა, ვთქვათ, ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება და ასეთი, მსგავსი. თვეში ერთხელ გაეგო ანგარიშზე რა თანხებია, რა დარჩა და ასე შემდეგ… ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული განათლება ამის და მით უმეტეს არც ფინანსური, –  თქვა  ივანიშვილმა ჩვენების მიცემის დროს.

– ანუ რაღაც მდივანივით გყავდათ?

– რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ.
ღარიბაშვილი მაშინ, როდესაც მილიარდერს შვეიცარულ ბანკთან ქონების გაფორმებაში ეხმარებოდა, ქართუ ბანკში მუშაობდა. ის ესწრებოდა იმ ხელშეკრულებების ხელმოწერას, რომლებითაც ოლიგარქმა 400 მილიონი დაკარგა.

სასამართლო პროცესის ვიდეო ჩანაწერიდან ოლიგარქის გეგმების შესახებ  ბევრი აქამდე უცნობი ფაქტი გაირკვა. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ივანიშვილი ქონებას შვილებზე ანაწილებს, მაგრამ არა ყველაზე. მილიარდერი არაფერს აძლევს უფროს შვილ უტა ივანიშვილს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა მოიძულა და ცალკე, საფრანგეთში ცხოვრობს.

სასამართლო დავას ასე ჰქვია – “ბიძინა ივანიშვილი, ეკა ხვედელიძე, ცოტნე ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი – შვეიცარული ბანკის წინააღმდეგ”.

ფორმულანიუსი