სოფო ბუკიამ ფეისბუქში დაწერა:
“გუშინ კოვიდ-პასპორტის ასაღებად ნახევარი სამუშაო დღე დავკარგე იუსტიციის სახლში. მანამდე დავრეკე ცხელ ხაზზე, რომ დამეზუსტებინა, რამე ხომ არ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ქართული დოკუმენტი აღიარა და ასევე ვარკვევდი მჭირდებოდა თუ არა აპოსტილი.
ოპერატორმა მითხრა, რომ ამიერიდან ევროპული სისტემა ჩვენ QR კოდს წაიკითხავს, ხოლო აპოსტილი მჭირდება თუ არა, ეგ კონკრეტული ქვეყნის საელჩოში უნდა გამერკვია ან საგარეო საქმეთა სამინისტროში დამერეკა.
რამდენიმე წუთში შემოვიდა ზარი 144-იდან. სხვა ოპერატორი იყო, რომელმაც მითხრა, რომ წინა ოპერატორს არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია, რის გამოც მას გამოეცხადება საყვედური და გაიგზავნება გადამზადებაზე (ისე მკაცრად იყო ნათქვამი, რომ ვთხოვე კიდეც ძალიან სასტიკადაც არ დაესაჯათ ). რაც შეეხება ჩემს საქმეს, ამ უფრო კომპეტენტურმა ოპერატორმა მითხრა, რომ აპოსტილი არ მჭირდება (თუ რომელიმე ოფიციალურ უწყებაში არ მივდივარ), და რომ უბრალოდ უნდა მივიდე იუსტიციის სახლში და ამეღო კოვიდ-პასპორტი.
ავიღე ეს დოკუმენტი და მოვედი სახლში.
საღამოს მირეკავს ისევ 144-ის ის კომპეტენტური ოპერატორი და მეუბნება, რომ კოვიდ-პასპორტი ტყუილად ავიღე, აღარ მოქმედებს და დღეს ისევ უნდა მივიდე იუსტიციის სახლში, რადგან სწორედ დღეიდან იწყება ისეთი დოკუმენტების გაცემა, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სისტემასთან. “ან, -მითხრა კომპეტენტურმა ოპერატორმა, – შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია georgia e-health და იქ გაიაროთ რეგისტრაცია და მაშინ მისვლა აღარ დაგჭირდებათ”.
დილას ეს აპლიკაცია ჩამოვტვირთე, გავიარე რეგისტრაცია და მაინც გადავამოწმე 144-თან, ხომ ნამდვილად აღარ მჭირდებოდა იუსტიციის სახლში მისვლა და პასპორტის აღება.
ამ დილით ოპერატორი მეუბნება – კი, მაინც უნდა მიბრძანდეთ და თან სასურველია აპოსტილით დაამოწმოთ.
ამის შემდეგ მირეკავს სხვა ოპერატორი და მეუბნება, რომ იმ წინა ოპერატორს არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია და სინამდვილეში აპოსტილით დამოწმება არ არის საჭირო.
ხოლო უნდა მივიდე თუ არა იუსტიციის სახლში, ეგ ზუსტად არ ვიცი, დამელოდეთ, გავარკვევო. მერე მეუბნება, რომ კი, დღეს ისევ უნდა მივიდე იუსტიციის სახლში, მაგრამ აპოსტილი არ მჭირდება (სავარაუდოდ).
მე როგორც დავიტანჯე, ისე უნდა დაიტანჯოთ თქვენც.
ოპერატორები არაფერ შუაში არ არიან, ამას ხომ ვხვდებით ყველანი. #144 #სამთავრობოცხელიხაზი”

