იურისტი კახა კოჟორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პატიმართან ურთიერთობაში ხელისუფლება სახეს კარგავს.
– სულაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ არის პატიმარი, რიგითი მოქალაქე თუ ყოფილი პრეზიდენტი. ადამიანი, მტერიც რომ იყოს, არ უნდა დაამცირო.
კიდევ უფრო რთული და მძიმეა იმის გააზრება, რომ გავრცელებული კადრები შემთხვევით კი არ არის მოხვედრილი მედიასივრცეში, არამედ მიზანმიმართულად.
– რითი ხსნით თქვენ ამას?
– გაუგებარია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს. ამ კადრებით უფრო აჩენენ სააკაშვილის მიმართ ემპათიას, თანაგრძნობას. როგორც ჩანს, ხელისუფლებას აქვს წარმოდგენა, რომ საქართველოს მოქალაქეები ბედნიერები იქნებიან ამ კადრების ნახვით.
– მაღალი საჯარო ინტერესი, ასეთი იყო განმარტება.
– სრულიად გაუგონარია. მოტყუებით რომ გადაჰყავთ გლდანის ციხის საავადმყოფოში და მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ რომ შეათრიეს, ეს ჩანს ამ კადრებზე. ეს კადრები ხომ ეწინააღმდეგება მათივე საჯაროდ ნათქვამს, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს, რომ კარგად არის და არავითარი მკურნალობა არ სჭირდება. მაშინ, რატომ გადაიყვანეს?!
შემაშფოთებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებები. უკვე არჩევანის წინაშე დაგვაყენეს ან “ქართული ოცნება” უნდა აირჩიოთ, ან დასავლეთი და ევროკავშირიო. ეს ძალიან მძიმე შეფასებებია. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება სრულიად შეგნებულად მიდის ამ ყველაფერზე. დასავლური კურსიდან გადახვევის მიზანსაც შეიძლება ეს ყველაფერი ემსახურება.
– სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რას იტყვით?
– დაცვის მხარისთვის კადრები ნამდვილად იქნება კარგი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა