“ოცნებას” ღარიბაშვილის გაშვება აწყობს” – თორნიკე შარაშენიძე

"ოცნებას" ღარიბაშვილის გაშვება აწყობს" - თორნიკე შარაშენიძეექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

– რა ხდება ხელისუფლების შიგნით, მართლაც იგეგმება ღარიბაშვილის გაშვება?

– კი, შესაძლებელია, მაგრამ რას შეცვლის ეს?! ღარიბაშვილზე შედარებით სიმპათიური ფიგურა თუ მოვიდა, ის ხომ უფრო გაამყარებს „ოცნებას“. მათ ისევ უჩნდებათ შანსი, რომ ის ნეგატივი, რომელიც „ოცნებამ“ ამ პერიოდში აიკიდა, ისევ ღარიბაშვილს აჰკიდონ და გაუშვან. განტევების ვაცივით აჰკიდონ ყველა უბედურება მას, გაუშვან და დანიშნონ კუჭავა. გადასარევია, ცხოვრება გრძელდება მშვენივრად ვისთვის? რა თქმა უნდა, ბიძინასთვის! ოპოზიციაში რომ ჟივილ-ხივილია ატეხილი, ღარიბაშვილს უშვებენო, მათ რა უხარიათ, მათთვის იცვლება რამე უკეთესობისკენ?! ნამდვილად არ მესმის, რატომ უხარიათ.

ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დაბეჯითებით აცხადებდნენ, ბიძინა ამერიკაში გაიქცა, რადგან მან არ შეასრულა რუსეთის დავალებაო. მერე გაირკვა, რომ ივანიშვილი საქართველოშია. ამდენი ცრუ მოლოდინითა და სისულელის გავრცელებით რეალურად ხომ ისევ „ოცნება“ იგებს. რატომღაც ეს არ ესმით. ტყუილებითა და სისულელეებით ბრძოლა არ შეიძლება.

– ანუ „ოცნებას“ აწყობს ღარიბაშვილის გაშვება?

– რატომაც არა! პირველად უშვებენ? თუ საჭირო იქნება, მესამედაც დანიშნავენ და ბედნიერი იქნება მესამედ დანიშვნით, უარს არ ეტყვის ბიძინას. რა პრობლემაა. სიამოვნებით ჩაჯდება ეს კაცი რეზერვში და, როცა უნდა, მაშინ დააბრუნებს ბატონი ბიძინა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა