ფაიზერმა კოვიდ 19-ის სამკურნალო წამალი შექმნა – პაქსლოვიდი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას 90%-ით ამცირებს

ფაიზერმა კოვიდ 19-ის სამკურნალო წამალი შექმნა - პაქსლოვიდი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას 90%-ით ამცირებსამერიკული ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“ აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო ექსპერიმენტული ანტივირუსული აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს.

მედიის ინფორმაციით, „ფაიზერმა“ 775 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, იმ პაციენტებში, რომლებიც კომპანიის პრეპარატს სხვა ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად კოვიდ 19-ის სიმპტომების გამოვლენიდან მცირე დროის შემდეგ ღებულობდნენ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი თვის შემდეგ 89%-ით შემცირდა იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც პლაცებოს აძლევდნენ.

კვლევის მონაწილეები არავაქცინირებულნი იყვნენ, ვირუსის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი ან გულის დაავადება, ჰოსპიტალიზაციის მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.

მათი მკურნალობა პირველადი სიმპტომების გამოვლენიდან 3-5 დღეში დაიწყეს და 5 დღის განმავლობაში გააგრძელეს. იმ პაციენტებმა, რომლებმაც ადრე მიიღეს პრეპარატი, აჩვენეს ოდნავ უკეთესი შედეგები, რაც ხაზს უსვამს სწრაფი ტესტირებისა და მკურნალობის აუცილებლობას.

„ფაიზერში“ აცხადებენ, რომ კომპანია მიმართავს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას და საერთაშორისო მარეგულირებელ ორგანოებს მისი აბის გამოყენების ავტორიზაცია რაც შეიძლება მალე გასცენ. დამტკიცების შემთხვევაში პრეპარატი პაქსლოვიდის დასახელებით გაიყიდება.

იპნ