“პრეზიდენტი ზურაბიშვილი ორღობეში მოჭორავე არ უნდა იყოს” – სოსო ცინცაძე

"პრეზიდენტი ზურაბიშვილი ორღობეში მოჭორავე არ უნდა იყოს" - სოსო ცინცაძეპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დღემდე ვერ პატიობს მიხეილ სააკაშვილს იმ პერიოდს,  როდესაც ის ოპოზიციაში იყო, სააკაშვილი კი – პრეზიდენტი.

– სამწუხაროდ, ის ვერ ამაღლდა შურისძიებასა თუ სხვა ქვენაგრძნობებზე. ნამდვილ დიდ პოლიტიკოსს პირველ რიგში დიდსულოვნება უნდა ახასიათებდეს. ქვეყნის პრეზიდენტი, უპირველესად, მიმტევებელი უნდა იყოს.

შურისძიების წყურვილი, ბოღმის გულში ჩადება, ძაღლის ნაკბენივით წყენის დამახსოვრება პოლიტიკის სფერო არ არის, ორღობეში მოჭორავეთა სფეროს უფრო ჰგავს.

– პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს?

– არავითარ შემთხვევაში არ შეიწყალებს დამოუკიდებლად, რასაკვირველია, თუ იძულება, ზეწოლა არ იქნება. ამიტომაც, ვინაიდან სააკაშვილი ყველაზე კარგად იცნობს ქალბატონ ზურაბიშვილს, სწორი მოლოდინი აქვს, რომ არ შეიწყალებს.

სალომე ზურაბიშვილი ხანდახან ბრჭყალებს გამოაჩენს ხოლმე. ასეთი ბრჭყალების გამოჩენა იყო იძულებით აცრაზე საუბარი. ამით ჯანდაცვის მინისტრსა და მის მოადგილეს, რომლებიც უარს ამბობენ იძულებით აცრაზე, უთხრა, რომ ისინი ადეკვატურად ვერ აფასებენ შექმნილ რეალობას, თუმცა, რაც შეეხება სააკაშვილის საკითხს, აქ ის ვერც “ბრჭყალებს” გამოაჩენს და ვერც ლოიალური იქნება.

– ქვეყნისთვის რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ეს პოლიტიკური კრიზისი? 

– ამჯერად ყველაფერი დამოკიდებული იქნება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რატომღაც ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ის შეძლებს მართოს სააკაშვილის ჯანმრთელობა ისე, რომ არ დაუშვას სიკვდილი.

– როგორ?

– კრიტიკულ მომენტში, ბოლო წუთში ჩაერთვება და ყველა ზომას მიიღებს, რომ არ დაუშვას მისი სიკვდილი, მაგრამ ეს ცეცხლთან თამაშია. ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობით სიკვდილი ციხეში არ მომხდარა არსად.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა