სააკაშვილის გამოსაკითხად გლდანის ციხეში გამომძიებელი გიორგი მიქელაძე შევიდა

სააკაშვილის გამოსაკითხად გლდანის ციხეში გამომძიებელი გიორგი მიქელაძე შევიდაგლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამოკითხვის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე შევიდა. გამოკითხვას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებიც დაესწრებიან.

როგორც დაწესებულებაში შესვლამდე მიქელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიება დაწყებულია სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე. გამომძიებლის თქმივე, ის ყოფილ პრეზიდენტთან დამატებითი ინფორმაციის მოძიების და გამოკვლევის მიზნით შედის.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამძიებო დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაგეგმილია ადვოკატების მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოკითხვის შემდეგ შემდგომი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. კითხვები შეეხება იმ ინფორმაციას, რაც მასმედიის საშუალებით გავრცელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი საჭირო ვიდეოჩანაწერების დაარქივების თაობაზე, რათა შემდეგში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, მისი გამოთხოვა განხორციელდეს“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, თუკი მოძიებული იქნება ნივთმტკიცებები, მათი ამოღება საპროცესო კოდექსის შესაბამისად მოხდება.

იპნ