“შენ რა გიჭირს, დოლარებს კი იღებ… მგონი, საყვარელიც გაუჩენია და რაღაზე ჩამოვა ოჯახში” – რას ფიქრობენ ემიგრანტებზე საქართველოში

"შენ რა გიჭირს, დოლარებს კი იღებ... მგონი, საყვარელიც გაუჩენია და რაღაზე ჩამოვა ოჯახში" - რას ფიქრობენ ემიგრანტებზე საქართველოშიემიგრანტმა ელგა ცუხიშვილმა, ემიგრანტთა ჯგუფში დაწერა:

„მოედო ქვეყნის ყველა კუთხეს, ოჯახს დანატრებული ქალები. ერთს მეორე მიემატა, მეორეს მესამე და სოკოებივით იმატა ემიგრანტთა არმიამ. უცხო ქვეყანა, უცხო ენა, უცხო ადამიანები, უცხო ადათ-წესები, უცხო სამზარეულო და უცხო რელიგიაც კი. ითვისებ ცოტ-ცოტას ყველაფერს. ეგუები უცხო გარემოს, უცხო ადამიანებს. მხოლოდ რელიგია რჩება წმინდა და ხელშეუხებელი.

ღამე, უძილო გრძელი ტანჯვის ღამე. ცრემლით დასველებული ბალიში და ლოცვაში დათენებული ალიონი. ათასჯერ ჩალაგებული გაქვს ჩემოდანი და იღებ ბოლო გადაწყვეტილებას, “წავალ ამ ჯოჯოხეთიდან და დამთავრდება ეს ტანჯვაც”. ისევ ამოლაგებული ჩემოდანი, “რომ წავიდე, მერე ოჯახს რა ეშველება”… და ისევ მეორდება ტანჯვის დღეები თუ ღამეები. მხოლოდ თვის ბოლო გამშვიდებს. აღებულ ხელფასს ანაწილებ და მეორე თვის ბოლომდე ისევ ჯიბეცარიელი ხარ. არც ამაზე არ დარდობ, მთავარია შვილები გყავდეს კარგად.

ამ დროს საქართველოში ყველას ჰგონია, “უჰ უშველე თავს და გაიქეცი”, – “შენ რა გიჭირს, დოლარებს კი იღებ”, გაუტკბა ევროპა და აღარც აპირებს ალბათ დაბრუნებას”, ” მგონი საყვარელიც გაუჩენია და რაღაზე ჩამოვა ოჯახში”…

გორავს და გორავს ჭორი. იგება და იგება ცილისწამების კოშკები, იხლართება და იხლართება ცრუ ინფორმაციები, ინგრევა წლობით ნალოლიავები ოჯახები. ეჭვით უყურებს საახლობლო. მგონი შვილებსაც გაუჩნდათ დედის სიწმინდეში ბზარი. ხდება გაუცხოება და მხოლოდ მოკითხვით მთავრდება სატელეფონო საუბრები.

ნანობ ოჯახიდან დაშორებას. ნანობ… ნანობ… ბევრ რამეს ნანობ.. და გამოსავალი მხოლოდ ერთია, დაბრუნდე!!! გთხოვთ დააფასეთ ემიგრანტი დედები ვერასდროს ვერ გაიგებთ მათ რისი ატანა უწევთ! ვერასდროს!“

ექსკლუზივ ტვ