ტაილანდელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვაჩე ცაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ტაილანდელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვაჩე ცაკაშვილს პატიმრობა შეეფარდათბილისის საქალაქო სასამართლომ ტაილანდის მოქალაქის, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ კალათბურთელს, ვაჩე ცაკაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

პროცესს ესწრებოდა ბრალდებული, ვაჩე ცაკაშვილიც, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

პროკურორის განმარტებით, თუ არ იქნებოდა გამოყენებული პატიმრობა, არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ცაკაშვილი მიიმალებოდა ან ჩაიდენდა ახალ დანაშაულს, ასევე, მხედველობაშია მისაღები საგამოძიებო მოქმედებები, გამოსაკითხია მოწმეები და არსებობს მათზე ზეწოლის საფრთხეები.

პროკურორის თქმით, დანაშაული ცივი იარაღით იქნა ჩადენილი.

დაცვის მხარე არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებს ვერ ხედავს. ადვოკატმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შუამდგომლობით მიმართა, გირაოს ოდენობა კი 15 000 ლარით განსაზღვრა. ადვოკატი ამბობს, რომ დანაშაული ვაჩე ცაკაშვილის მიერ ჩადენილი არ არის. ადვოკატის პოზიციას სრულად ეთანხმება თვითონ ბრალდებული და აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის ცენტრში რამდენიმე დღის წინ 38 წლის ტრანსგენდერი ქალი მოკლეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.