გახარიას თანაგუნდელი მალხაზ თორია მამის საფლავზე 8 კაცმა ცემა

გახარიას თანაგუნდელი მალხაზ თორია მამის საფლავზე 8 კაცმა ცემაგახარიას პარტიის წევრი ცემეს.

“საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი კახა ქემოკლიძე სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, მალხაზ თორიას ცემის ფაქტს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ქემოკლიძის ინფორმაციით,, თავდასხმა 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მოხდა.

მამის საფლავზე მიმავალ თორიას გზა ჩაუხერგა სამმა ავტომობილმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, ბმვ-ს მარკის, იქს 3 მოდელის ავტომანქანა, მეორე ავტომანქანა იყო მერსედესის მარკის, ლურჯი ფერის, ხოლო მე-3 ავტომანქანა იყო შავი ფერის, თუმცა მისი მარკის გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს.

სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ მალხაზ თორიას და ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც მას, ასევე მასთან ერთად მყოფ არასრულწლოვან შვილს. ასევე, დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი.

მალხაზ თორია თავდამსხმელებს ეუბნებოდა, რომ რაღაც ეშლებოდათ, რაზეც თავდამსხმელები პასუხობდნენ, რომ არაფერი შეშლიათ და ზუსტად იქ იყვნენ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ. ძალადობის მომენტში მალხაზ თორიას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა.

თავდამსხმელები დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ სოფელ კოკში, უთვალთვალებდნენ მალხაზ თორიას სახლს და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს თავდასხმისთვის.
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ,,დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული ხელისუფლება ყველანაირ ზღვარს გასცდა”.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანაგუნდელს, ამჟამად ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატ მალხაზ თორიას თავს დაესხნენ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო, 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარება, 151-ე მუქარა და 187-ე სხვისი ნივთის დაზიანება.

ტვ პირველი