ნაჯა ორაშვილი – “რომც დამიჭირონ, ბასიანს არ დავალუქინებ”

ნაჯა ორაშვილი - "რომც დამიჭირონ, ბასიანს არ დავალუქინებ"ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსთან კლუბების გახსნის ნაწილში 6 თვის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, თუმცა არც ერთმა უწყებამ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა არ გაითვალისწინა.

როგორც ორაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა, მოლაპარაკებების შედეგი არის – შანტაჟი, დაშინება და ღამის კლუბების განადგურება.

ორაშვილის თქმით, კლუბები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც პანდემიის დაწყების შემდეგ, პასუხისმგებლიანად მოიქცნენ და დახურვის შესახებ განაცხადეს, მას შემდეგ კი 22 თვე გავიდა.

“თუნდაც თავისუფლების აღკვეთად დამიჯდეს, ამ სივრცეს არ დავალუქინებ. იმიტომ, რომ სახელმწიფო არის ან მზრუნველი ან მას სხვა გეგმები და მიზნები აქვს. ჩვენ 6 თვე ვიმუშავეთ გამოსავალზე, ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სტანდარტზე, რომელსაც უნდა უზრუნველყო დახურულ სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანა. მათ ამაზე უარი გვითხრეს. შესაბამისად მიზანი არის ამ თავისუფალი და უსაფრთხო სივრცეების ფიზიკური განადგურება, ჩვენი დაშინება.

პირადად მე 400-გვერდიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი მაქვს გაკეთებული, ორი კვლევა გვაქვს შემუშავებული. ძალიან კარგად გვესმის ეპიდემიოლოგიური სიტუაციების სიმწვავე, მისი ტრაგიკული შედეგები, მაგრამ პირველებმა დავხურეთ ამ მოტივით. 22 თვე ველოდებოდით, ვეძებდით გამოსავალს და ვიპოვეთ ეს გამოსავალი. ეს უწყებები უნდა დათანხმებოდნენ ამ გამოცდილებას. 6 თვე ველაპარაკეთ, შედეგი არის – შანტაჟი, დაშინება, განადგურება”, – განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.

მანამდე ორაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ შრომის ინსპექცია BASSIANI-ს ლუქავს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია სხვა კლუბების დალუქვის შესახებ.

ფორმულა