ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
„დაბრუნება მინდა.
სადაც დედა, სკოლიდან მოსულს, ჩემი საყვარელი კარაქში, ნიორში, პილპილსა და ხახვში შემწვარი ხბოს დაბეგვილი ხორცის სუნს ატრიალებს, მაგრამ მშვიდად ჭამას არ მაცლის და სკოლის ამბების გამოკითხვით მტანჯავს.
სადაც მამა სამუშაოდან გვიან ბრუნდება, ბევრს ეწევა, დედას ეჯუჯღუნება, მაგრამ მაინც ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებულია სამყაროში. თავზე ხელს გადამისვამს პერიოდულად და დაიჩივლებს, რა სუ ჯუჯღუნებს ეს დედაშენიო.
სადაც ეზოში ლეღვის ფოთლების მომწარო, ლეღვის მერქნის მსუყე და ლეღვის ნაყოფის მოტკბო-მომჟაო სურნელია.
ოლეანდრების და გლიცინიების ქალაქში დაბრუნება მინდა. ზღვიდან წამოსული ბრიზი რომ მარილის და იოდის არომატს ამატებს და ამ ნაზავს მთელ ქალაქში ფანტავს, სანამ მთაზე შეფენილი კიპარისების და ციტრუსების ბაღების სუნს არ შეაჯახებს და ამ ქალაქის უნიკალურ არომატს არ შეაჯერებს. აი, იმას, სიზმარში რომ მცემს სრულიად მკაფიოდ.
მე, ვინც ფერად სიზმრებსაც კი ვერ ვხედავ.
მე, ვინც არდადეგებიდან დაბრუნებისას, მანქანაში ჩაძინებული, ჩემს ქალაქს სუნით რომ ვცნობდი და ეგრევე თავს წამოვყოფდი – „როგორც იქნა, სოხუმია”.
მე, ვინც უკვე ძლივსღა ვიხსენებ ჩემს ქალაქს და ყველაზე ცხადად ეს სურნელი და მშობლების ხმა ჩამესმის ხოლმე.
მე, ვინც დაბრუნების გარდა, აღარაფერზე ვოცნებობ.“

