“ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ ახლა გაჩუმება წარმოუდგენელია.
– მას აქვს გარკვეული ბერკეტები და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ის ამ ბერკეტებსა და მექანიზმებს გამოიყენებს.
– ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას ვეტო თუ დაადო, ამ ვეტოს დაძლევენ. ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი თუ უფრო მეტი?
– ჯერ ერთი, ვეტოს დაძლევა ასე მარტივი არ არის და მეორე, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და პოლიტიკურ პროცესში ამას სერიოზული მნიშვნელობა ექნება.
– როდესაც პრეზიდენტს შეხვდით, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
– ის გულწრფელად არის შეწუხებული იმ რეალობით, რომელიც ქვეყანაშია. მას ესმის, რომ ქვეყანა ძალიან დიდი ნაბიჯებით მიდის უკან. ამავდროულად მისთვის უბრალოდ შეურაცხმყოფელია სიმბოლური პრეზიდენტის როლში ყოფნა. კარგია, რომ ეს მას კარგად ესმის და ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან ნაბიჯები გადადგმული იქნება.
– გჯერათ, რომ პრეზიდენტს შეუძლია წამოიყვანოს “ოცნება” იმაზე, რომ რაღაცა პროცესი დაიწყოს?
– ეს მასზეა დამოკიდებული, რამდენად შორს წავა. თუ ის იაქტიურებს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია, რომ სერიოზული თავის ტკივილი შეუქმნას “ქართულ ოცნებას”.
– როგორ უნდა იაქტიუროს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს?
– ინიციატივები, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებით და სერიოზული ზეწოლით “ქართული ოცნების” მისამართით, რომ “ქართულმა ოცნებამ” მინიმალური სტანდარტები მაინც შეასრულოს იმაზე, რაც ეხება დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა