რამაზ გერლიანი იპოვეს

რამაზ გერლიანი იპოვეს3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ პოლიციამ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი იპოვა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, გერლიანი ცოცხალია და ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, გერლიანი თბილისიდან იყო გასული, შესაბამისად, სამართალდამცავებმა მის კვალს სხვა ქალაქში მიაგნეს.

შეგახსენებთ, რომ ახლობლების ცნობით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს 3 დღე ვერ უკავშირდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე „ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს. გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

იპნ