“რუსთავში მოსამართლე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირის მქონე 5 პირი გამოუშვა”

"რუსთავში მოსამართლე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირის მქონე 5 პირი გამოუშვა"რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამის შესახებ ეკატერინე მეგრელიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“შსს-მ მიმდინარე წლის ზაფხულში უპრეცედენტო სპეცოპერაცია ჩაატარა და „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით 27 პირი დააკავა, 4 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი წარედგინა.

ბრალდებულების კრიმინალურ ქმედებებს 100-მდე დაზარალებული მოქალაქე ჰყავდა.

პოლიცია სასამართლოს შესაბამისი განჩინებებით მრავალი თვის განმავლობაში მუშაობს მტკიცებულებების სტანდარტის შექმნაზე, ამავე დროს, იცავს ქურდული სამყაროსგან დაზარალებული ადამიანების უსაფრთხოებას და შემდეგ ამ ყველაფრის გაქარწყლება ხდება ზოგიერთი მიკერძოებული მოსამართლის მიერ, მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად.
დღეს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ეს ის საქმეა, ზაფხულში პოლიციამ ხმაურიანი სპეცოპერაციის შედეგად 27 პირი რომ დააკავა.

2019 წელს ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის მონაწილეებიც გამოუშვია გასულ ზაფხულს.

უცნაურია, ქალბატონი მოსამართლე რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ათავისუფლებს ორგანიზებული დანაშაულის სავარაუდო მონაწილეებს, რუსთაველ ბრალდებულებს – თავადაც რუსთავში მცხოვრები. წარმოიდგინეთ, ახლა ეს ადამიანები ქუჩაში დადიან, შესაძლოა ამ სისასტიკის მსხვერპლი, რაც უკვე ვნახეთ, სავარაუდოდ, მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ისევ გახდეს ნებისმიერი მოქალაქე, განსაკუთრებით რუსთაველები. არადა მოსამართლეც რუსთაველია.

რასთან გვაქვს საქმე? მხოლოდ შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალას რომ მოუსმინოთ, აქედან მიხვდებით, ადამიანები რა სისასტიკეს სჩადიოდნენ! მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება“.