სამგორში მერიამ გარაჟები დაანგრია

სამგორში მერიამ გარაჟები დაანგრიათბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.

„მოკვლევის შედეგად, რომელიც ორი თვის წინ დაიწყო, დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები და მსუბუქი კონსტრუქციები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, ორი ავტოფარეხისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი განახორციელა. გარდა ამისა, თავად მოსახლეობის მიერ, მოხდა ექვსი ავტოფარეხის დემონტაჟი. აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერიის დაკვეთით, აქტიურად მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.