თეა გვასალია – “მე-5 დღეს ვიგრძენი, ნარკომანები ლომკის დროს რას განიცდიან”

თეა გვასალია - "მე-5 დღეს ვიგრძენი, ნარკომანები ლომკის დროს რას განიცდიან"თეა გვასალიამ ფეისბუქში დაწერა:

“გადავხედე რა ჩემი დღის რაციონს, რომელიც ძირითადად ტკბილეულისგან შედგება და გავითვალისწინე რა მოახლოებული ახალი წელი და მასთან ასოცირებული გოზინაყი, ჩურჩხელა და სხვა გემრიელობები, გადავწყვიტე წინასწარ მიმეღო ზომები და დროზე ამომეღო მენიუდან რომელიმე დასახელების სასუსნავი.

დიდი ჭოჭმანისა და საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ შოკოლადი გავწირე და გადაწყვეტილება ისეთი არგუმენტებით გავამყარე, როგორიცაა: „აქ ნამდვილი შოკოლადი მაინც არ იყიდება“, „თავმოყვარე ქალი ამდენ შოკოლადს არც უნდა ჭამდეს“ და „ხო, ჭამე შენ შოკოლადები და შაბათ-კვირას, წყნეთის ფიჭვნარში ნაჩქარევად დარტყმული სამი წრის იმედად იყავი“ . მეორე ხმა, აი მულტფილმებში ტომს პატარა, მაცდური ეშმაკის სახით რომ აზის ხოლმე მხარზე და ჯერის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ აქეზებს, დათაფლული ხმით მეჩურჩულებოდა: ნეტა ერთი შენ, მოგცლია, ერთმა ნატეხმა შოკოლადმა რა უნდა გიქნასო . ჩავაჩუმე ეშმაკუნა და ოთხი დღე გავძელი ვაჟკაცურად.

მეხუთე დღეს ვიგრძენი, რას განიცდიან ნარკომანები ლომკების დროს, მეექვსე დღეს მეტადონის პროგრამაზე ვფიქრობდი, ერთი კვირის თავზე საყიდლებზე წავლასლასდი, შოკოლადის თაროებისკენ არც გამიხედავს, მივედი სალაროსთან და მოლარე გოგონა მეუბნება: ვაიმეე, რა კარგია რომ გნახეთ, ჩემს მორიგეობაზე შოკოლადი გაატარეთ და არ წაგიღიათ, შეგინახეთ, ვიცოდი მოხვიდოდითო. და სანამ ჩემს მხარზე სიხარულით თვალებგაბრწყინებული ეშმაკი სამკაპის ქნევით უვლიდა დავლურს, ამას კიდევ არ დაავიწყდესო და თავისი ხელით მზრუნველად მომითავსა პარკში.”