“ზვიადაურმა ჩემს შვილს ჯერ მიბჯენით ესროლა, მერე კი დაცემულს – ორჯერ ზურგში” – რას ამბობენ ნიკა კენჭოშვილის მშობლები

"ზვიადაურმა ჩემს შვილს ჯერ მიბჯენით ესროლა, მერე კი დაცემულს - ორჯერ ზურგში" - რას ამბობენ ნიკა კენჭოშვილის მშობლებიწინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახი მკვლელობაში  ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის გათავისუფლების შემდეგ პირველ ინტერვიუს “ნოდარ მელაძის შაბათს” აძლევს.

27 წლის ბიჭის მშობლებისთვის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილება თავზარდამცემი აღმოჩნდა.

– ექსპერტის დასკვნა ჯერ არ არის, საიდან გამოაქვთ ეს გადაწყვეტილება?! რა ვიცი იქ რა მოხდა? შეიძლება იმათი ნასროლი ტყვიითაა ზვიადაურის ძმა მოკლული. მე არ ვიძახი, რომ ამას (შვილს) არ მოუკლავს, მაგრამ ხომ შეიძლება, იარაღის ტრიალისას იქიდან (ზვიადაურების მხარემ) მოარტყა და მოკლეს ის ადამიანი. მიბჯენით რად უნდოდა ტყვიის სროლა, პირველად ვამბობ ამას, სურათებით გვაქვს ნანახი, 7 ადგილზე აქვს ჩემ შვილს ჭრილობები. რად  უნდოდა ახლოს, მიბჯენით სროლა, თავში წამოერტყა…”- აცხადებს მოკლულის მამა.
მან ინტერვიუ შემდეგი სიტყვებით დაასრულა – “მე ვიცი, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს”.

– რასაც ახლა ვიტყვი, ამას ჩემი შვილის სულის ცხონებისთვის ვიტყვი – ყველაფერი უფლისთვის მიმინდია. პირადად მე ზვიადაურს შევუნდობ და ვაპატიებ! – თქვა 27 წლის ბიჭის მამამ.
ნიკა კენჭოშვილის დედა ამბობს, რომ ზვიადაურმა მის შვილს ესროლა ისეთი იარაღიდან, რომლის ერთი ტყვიაც კომაში აგდებს.

– 3-4-ჯერ მიბჯენით, შემდეგ კი მუხლზე დაცემულს, ორჯერ ზურგში ესროლა. ამას თავად ამბობს. ასეთი მკვლელი როგორ უნდა გამოუშვან, რატომ ახალისებენ ასეთებს, გინდ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი იყოს, ან თუნდაც ოლიმპიური ჩემპიონი?! რატომ ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში?! – აცხადებს კენჭოშვილის დედა.

ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რადგან  ნიკა კენჭოშვილი, ზვიად ზვიადაურის მკვლელობის შემდეგ, ზურაბ ზვიადაურის მკვლელობასაც აპირებდა.

– მან მხოლოდ მას შემდეგ განახორციელა გასროლა, რაც უკვე გარდაცვლილი იყო ვასილ ცოცხალაშვილი, გარდაცვლილი იყო ზვიად ზვიადაური და დაჭრილი იყო ორი ადამიანი, – აცხადებს ადვოკატი და ირწმუნება, რომ ზვიადაური შეიარაღებული კენჭოშვილის განეიტრალება შეუიარაღებელმა სცადა.

ტვ პირველი