“აკო ჭელიძე ნიკო კვარაცხელიას ზურგიდან ესვრის, კვარაცხელია გარბის და ჭელიძე მისდევს” – პროკურორმა მკვლელობის დეტალები აღწერა

"აკო ჭელიძე ნიკო კვარაცხელიას ზურგიდან ესვრის, კვარაცხელია გარბის და ჭელიძე მისდევს" - პროკურორმა მკვლელობის დეტალები აღწერა3-მილიონნახევრიანი საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც ნიკო  კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, მასზე ყველა როგორც ნოვატორზე, როგორც სიახლეების გენერატორზე საუბრობს. მართლა მაქვს კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც მისი მკვლელობა ჩაიდინეს, – ეს სიტყვები 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

საქმის არსებითი განხილვისას შესავალი სიტყვის წარმოთქმისას გია შაიშმელაშვილმა დეტალურად ისაუბრა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე, მათ შორის, როგორ ჩაუსაფრდნენ მას ბრალდებულები, როგორ მოკლეს ის და როგორ მიიმალნენ. პროკურორის თქმით, მკვლელობა ვიდეოკამერაზეა აღბეჭდილი და რაც მან ნახა, ჰოლივუდის სცენარს ჰგავს.

“15 სექტემბერს, დღის საათებში, ნიკოლოზ კვარაცხელია იმყოფებოდა პირად საქმეზე, კურიერს ელოდებოდა, გამოწერილი ნივთი უნდა გამოერთმია.

ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დღემდე დუმილის უფლებით სარგებლობდნენ, მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს იარაღი, საბრძოლო მასალა – ტყვიები და მოემზადნენ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის. “ჰიუნდაი ელანტრა” იქირავეს და მთელი დღის განმავლობაში უკან დასდევდნენ კვარაცხელიას კუთვნილ ავტომობილს და შესაფერის მომენტს ელოდებოდნენ. საღამოს საათებში, კავილაძე იჯდა საჭესთან, გვერდით ეჯდა ალეკო ჭელიძე, ნახეს კვარაცხელიას ავტომობილი, გაჰყვნენ მას უკან და მას შემდეგ, რაც ის ანჯაფარიძის ქუჩაზე შევიდა და ავტომობილი დააპარკინგა, კურიერთან მივიდა და გამოწერილი ნივთი გამოართვა. გიორგი კავილაძემ მანქანა კვარცხელიას მანქანიდან 15-20 მეტრში გააჩერა, საიდანაც ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გადმოვიდა. ჭელიძე კვარაცხელიას ავტომობილთან დაელოდა, როდის დაბრუნდებოდა უკან. ნივთის აღების შემდეგ, კვარაცხელია პირისპირ ხვდება აკო ჭელიძეს, ის ზურგით შეტრიალდა ჭელიძისკენ, ბრალდებული იღებს ცეცხლსასროლ იარაღს და თითქმის მიბჯენით, იწყებს მისთვის ზურგში სროლას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი მოარტყა, კვარაცხელიამ ვერაფერი ქნა, მანქანაშიც ვერ ჩაჯდა, ძალაც არ ეყო და მანქანის უკან გაიქცა.

კვარაცხელიაც და ჭელიძეც ტოლები არიან, არ ვიცი რა უნდოდათ. კვარაცხელია უკან ცდილობს გაქცევას, ჭელიძე უკან მისდევს, არ ანებებს თავს, კიდევ ერთი სროლა, კიდევ მეორე სროლა, მაინც არ დაანება თავი, წაქცეულს ესვრის, დაიღალა თვითონაც და მჭიდიც დაცალა. კვარაცხელია სისხლისგან იცლებოდა, ჭელიძე გაიქცა და კავილაძის ავტომობილში ჩაჯდა და ორივე გარბის.

ორივე აგლაძის ქუჩაზე დატოვებულ მანქანაში გადასხდნენ, მერე ტაქსებში, ყოველდღე იცვლიდნენ ადგილსამყოფელს და ბოლოს დავაკავეთ.

მკვლელობა კამერების ქვეშ ხდება, დათვლა შეიძლება სროლების, როგორ გარბის კვარაცხელია მანქანის უკან და როგორ ესვრის მას ჭელიძე, ეს ყველაფერი ჰოლივუდური ფილმის სცენარია, ამ ყველაფერს მტკიცებულების სახით წარმოგიდგენთ და თქვენც ზუსტად ეს განცდა დაგრჩებათ, რა განცდითაც ახლა გესაუბრებით. არც პატარა ვარ და არც ცოტა მინახავს, მსგავსი არ მინახავს, სპეცეფექტებით არის გადაღებული, რომ იტყვიან. ამ კამერას თქვენ წინაშე რომ გამოვიკვლევთ, მერე ვკითხოთ ბრალდებულებს, ეს ქმედება რატომ ჩაიდინეს. არამხოლოდ კამერას, თვითმხილველებს წარმოგიდგენთ.

ნიკა კვარაცხელიას დაზიანებები იმდენად შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან, მისი გადარჩენა ვერ მოხდა.

ნიკოლოზ კვარაცხელიას შესახებ არ ვიცოდი, ადამიანმა საზღვარგარეთ მიიღო ძალიან მაგარი განათლება, მაგრამ იქ არ დარჩა, შექმნა საკმაოდ მნიშვნელოვანი ონლაინ პლატფორმა, ძალიან ბევრი პროექტი ჰქონდა, 3-მილიონნახევრიანი საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, პირიქით მას ყველა როგორც ნოვატორზე, როგორც სიახლეების გენერატორზე საუბრობს, მართლა მაქვს კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს”,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

იპნ