“დამიწყეს ცემა, თავში ჩარტყმა” – პოლიციელების ცემისთვის 2 დაკავებულს პატიმრობა შეეეფარდა

"დამიწყეს ცემა, თავში ჩარტყმა" - პოლიციელების ცემისთვის 2 დაკავებულს პატიმრობა შეეეფარდასიღნაღის სასამართლომ დღეს საგარეჯოში პოლიციელების ცემისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა.

ორივე ბრალდებულმა დანაშაული  აღიარა. პროცესი 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და  მედიისთვის დახურული იყო. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ აღკვეთის ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ გამოეყენებინა და გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულები სახლში გაეშვა.

ორი ბრალდებულიდან ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, საგარეჯოს პოლიციის განყოფილების თანამშრომელს თავში მინის ბოთლი სწორედ მან ჩაარტყა.

ხელჩართული ჩხუბი სამართალდამცველებსა და ახალგაზრდებს შორის  შობა დღეს საგარეჯოს ცენტრში მოხდა. დაშავებულია 3  პოლიციელი. ერთ-ერთს თავი შუშის ბოთლით  აქვს გატეხილი.

ადგილობრივების ინფორმაციით,  საგარეჯოელი ახალგაზრდების ჯგუფის უკმაყოფილება ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის დღეს ქალაქში საზეიმო ღონისძიების გამართვამ გამოიწვია. სავარაუდოდ, ნასვამი ახალგაზრდები კულტურული ღონისძიების მსვლელობისას სცენაზე ავიდნენ და გამომსვლელებისთვის ხელის შეშლა სცადეს. სწორედ ეს გახდა ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე  ამბობს, რომ რომ პოლიციის უფროსმა ქვეყნის დატოვებისთვის ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იარაღის ჩადებით დაემუქრა.

“ხალხს რომ მომარიდეს და დერეფანში შემიყვანეს, უკვე დამიწყეს ცემა-ტყეპა რა, თავში ჩარტყმა, შეურაცხყოფა, ფურთხება, ვერ ავიტანე რა და მერე უკვე მეც დავიწყე გინებაც დავიწყეთ, მეთქი რას მიშვებით, რა გინდათ… დაბლა მომხდარა სხვა ჩხუბი, იმ ბავშვებმა მერე დაიწყეს ეგ ჩხუბი მაგან რომ შეურაცხყოფა მიაყენა. [პოლიციელმა რომ შეაგინა შემდეგ დაიწყო დაპირისპირება].

იარაღი რომ არის ნახსენები, მაგაზეც გავერკვიე, პოლიციის უფროსი და მოადგილე მეუბნება, მთვრალიც რომ იყოო, გინდა მთვრალი არ იყოო, მაინც ჩაგიდებთო და მაინც გაგაფუჭებთო, რა აზრი აქვს, პოლიციის უფროსი და მოადგილე, დატოვე რაიონი, ქვეყანა დატოვეო, დამიჯერე, რომ გაგიჩალიჩებთო, აი, როგორ მოვიქცე, სამართალი არ არის”, – ყვება მოქალაქე.

ტვ პირველი, ნიუპოსტი