ტელეკომპანია „ფორმულაზე“ რამდენიმე გასართობი ტიპის გადაცემა დაიხურა. მათ შორის – „ყვითელი ყუთი“, „ანეკდოტების შოუ“, „სიცილი ფულია“, „საქანელა“ და „N შოუ“. ამ სიაში არ მოხვედრილა „ქალები“, „არაბიძის შოუ“ და „კომედი შოუ“.
როგორც არხის პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე ამბობს, ახლა რეორგანიზაციის პერიოდია და დაზუსტებით ვერაფერს დაადასტურებს.
ირაკლი საღინაძე: ეგ ყველაფერი არხზე გამოცხადდება. გადაცემებთან მიმდინარე მოლაპარაკებებში და პირობების დაზუსტებაში ვართ.
– და მაინც გადაცემების დახურვის მიზეზი რა არის?
– არხს მუდმივი განახლება სჭირდება. რაღაც პროექტები თავს ამოწურავენ, რაღაც არხის კონცეფციაში არ ჯდება, მიზეზი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს.
მსახიობი ეკა ჩხეიძე სატელევიზიო წამყვანის ამპლუაში თავს კომფორტულად გრძნობდა. ის დივანზე ჯდომის მანერის გამო, არაერთხელ გააკრიტიკეს.
მსახიობს ახლახან უთხრეს, რომ გადაცემა დაიხურა.
ეკა ჩხეიძე: მე ვიცი, რომ ხუთი გადაცემა დაიხურა. როგორც მითხრეს, ეს გადაცემები აღარ ფინანსდებოდა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო. ახლა შევიტყვე ამის შესახებ. მაგრამ ერთი მიდის, მეორე მოდის. არ არის პრობლემა.
„ყვითელი ყუთი“ ერთ-ერთი საინტერესო ეტაპი, საფეხური და გამოწვევა იყო ჩემს ცხოვრებაში.
– ახალი შემოთავაზება ხომ არ გაქვთ?
– ჯერ საიდუმლოა.
– ისევ ტელევიზია?
– ჩემი საქმიანობა მსახიობობაა და თუ თეატრი დაბრუნდა, ჩემთვის უკეთესია, რომ იქ ვიმუშაო.
პრაიმ ტაიმი