“ივანიშვილი კობახიძესაც თამაშგარეთ დატოვებს” – გედი ფოფხაძე

"ივანიშვილი კობახიძესაც თამაშგარეთ დატოვებს" - გედი ფოფხაძე“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პროცესებს საქართველოში ისევ ივანიშვილი მართავს.

– კობახიძე ისეთივე ნომინალურია, ისეთივე მარიონეტია, როგორც ნებისმიერი სხვა “ქართულ ოცნებაში”. თუ კობახიძეც რაიმე ისეთს გააკეთებს, რაც  ივანიშვილს არ მოეწონება, თამაშგარეთ დარჩება.

– თქვენ რას უკავშირებთ პარლამენტის თავმჯდომარეების ასე ხშირ ცვლილებას? თუ ივანიშვილის ერთგულებაზეა საუბარი, ყველა ერთგული იყო. 

– შემთხვევით ვიღაცამ არ იფიქროს, რომ მართლა რაღაცას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამიტომ უშვებს! დროის საკითხია. შეიძლება კობახიძეც პრობლემა გახდეს. მე არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ ხუთ თვეში პაპუაშვილსაც გაუჩნდეს ამბიციები და გაიბრძოლოს.

ადამიანს როდესაც სტატუსი გაქვს, ფსიქოლოგიური მომენტია, ის ახდენს შენზე გავლენას. ძალაუფლების შეგრძნება ადამიანის ფსიქოლოგიას ცვლის. ივანიშვილმა იცის ეს ყველაფერი და ამიტომ ის აკონტროლებს ამ პროცესს, დიდხანს ძალაუფლებას ასე მარტივად არ აძლევს არავის.

– კახა კუჭავას წასვლაც ამ მიზეზით იყო?

– დიახ, ალბათ კახა კუჭავასაც გაუჩნდა ამბიცია, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარეა, რომ მას შეუძლია დასავლეთთან საუბარი, რაღაც გადაწყვეტილებების მიღება ამ მიმართულებით. ივანიშვილს ამ კუთხით ცუდი გამოცდილება აქვს. გახარია გაექცა, კვირიკაშვილი გადადგა, მარგველაშვილი არ ემორჩილებოდა.

არასდროს არ დამავიწყდება, ერთხელ, უმრავლესობის სხდომაზე როდესაც შევეწინააღმდეგე, კონფლიქტი გვქონდა, ასეთი ფრაზა მითხრა – დეპუტატი ვერ გახდებოდი, მე რომ არ ვყოფილიყავიო.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა