მამუკა გამყრელიძე – “სააკაშვილზე ამდენი ლაპარაკი მხოლოდ მას უქმნის პრობლემებს”

მამუკა გამყრელიძე - "სააკაშვილზე ამდენი ლაპარაკი მხოლოდ მას უქმნის პრობლემებს"“ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ევროპელი სოციალისტების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ხალხს დაკარგული აქვს ნდობა პოლიტიკური კლასისადმი, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართაც:

– ამიტომ ხალხი ელოდება რაღაცა ახლის გამოჩენას. ეს უნდა იყოს ცენტრისტული ძალები, იმიტომ, რომ საზოგადოებას მობეზრდა დაპირისპირებები და, შესაბამისად, ელოდება რაღაცა დასაყრდენს ცენტრში. ეს აუცილებლად გამოჩნდება და ეს წელი სწორედ ასეთი წელი იქნება.

ერთი თემა იმდენად მომაბეზრებელი გახდა, რომ იმ ადამიანს შეუქმნის ყველაზე დიდ პრობლემას, ვის გარშემოც ეს ტრიალებს.

– სააკაშვილს გულისხმობთ?

– დიახ, სააკაშვილს ვგულისხმობ. როდესაც ხდება ერთ საკითხზე მუსირება, ხდება მობეზრება. მახსოვს ქართულ პოლიტიკაში შემთხვევები, როდესაც ზედმეტი პიარი ტელესივრცეში იწვევდა ხალხის გაღიზიანებას და ის პოლიტიკოსი კარგავდა რეიტინგს.

– სხვა პრობლემები უკანა პლანზეა გადაწეული და მუდმივად ამ თემაზე მიდის სწორება.

– ავტოკრატიის დონეზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. მთელი უწყებები იშლება, როგორიც არის ინსპექტორის ინსტიტუტი. ეს უწყება დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო. რეორგანიზაცია შეიძლება გასაკეთებელი იყო, მაგრამ ის უნდა მომხდარიყო ბევრად რბილად – კონსულტაციებისა და ხალხთან საუბრის საფუძველზე, რაც მშვიდად და ლამაზად დამთავრდებოდა.

წინა ხელისუფლების დროს რეფორმები გაკეთდა ძალიან უხეშად. მე მივესალმები ამ რეფორმებს, მაგრამ ისე უხეშად გაკეთდა, რომ ამან უკურეაქცია გამოიწვია და მივიღეთ ხელისუფლებაში “ოცნება”, რომელსაც არც რეფორმის გაგონება უნდა, არც სიახლის და არც – წინსვლის.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა