ნიკა გვარამია – “ქალბატონი ნიჟარაძე აღარ მიჩივის და ვინაა დაზარალებული რუსთავი 2-ის საქმეში?”

ნიკა გვარამია - "ქალბატონი ნიჟარაძე აღარ მიჩივის და ვინაა დაზარალებული რუსთავი 2-ის საქმეში?"თბილისის საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმეზე, ნიკა გვარამიას მორიგი სხდომა გაიმართა. დისტანციურად გამოიკითხა “რუსთავი 2-ის” ყოფილი მფლობელი გიორგი ყარამანიშვილი.

პროცესს ნიკა გვარამია და მისი ადვოკატი ესწრებოდნენ.

“ვის წინაშეც ვიყავი ანგარიშვალდებული, ის ადამიანი დღემდე ჩემს წინააღმდეგ პრეტენზიებს არ გამოთქვამს. “რუსთავი 2″ დაზარალებული შეიძლება იყოს, თუ ჩემს დროს არსებული მფლობელები ამაში მედავებიან. არცერთი მფლობელი ამაში არ მედავება და ქიბარ ხალვაში რომ შემედავებოდა, მე საიდან უნდა მცოდნოდა?! ქიბარ ხალვაშის აზრებს ხომ არ ვიკითხავდი ყველა გადაწვეტილებასთან დაკავშირებით, ამიტომ ფინანსურ დანაშაულში დაზარალებული არ არსებობს,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქმის პროკურორის თქმით, გიორგი ყარამანიშვილის გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ის პოზიცია, რასაც ბრალდებულები და ადვოკატები აცხადებენ, არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

“ბრალდებულები ყოველთვის იძახდნენ, რომ თითქმის დამფუძნებელთან იყო ყველაფერი შეთანხმებული, მათ შორის ის ყოველთვიური შეთანხმებები, რომლითაც “რუსთავი 2″-ის კუთვნილი ქონებრივი უფლება გაიფლანგა, თუმცა დღეს გიორგი ყარამანიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი დეტალები მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და არ იყო ინფორმირებული იმ ეტაპზე, როდესაც აღნიშნული შეთანხმებები ფორმდებოდა. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ ის პოზიცია, რასაც ბრალდებულები და ადვოკატები აჟღერებდნენ, არ შეესაბამებოდა სიმართლეს,” – აღნიშნა საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

ნიკა გვარამიას თქმით, მისი გენერალური დირექტორობის დროინდელი რუსთავი 2-ის არც ერთი მფლობელი არ ედავება და გაუგებარია საერთოდ, ვინ არის დაზარალებული:

– ქალბატონმა ნიჟარაძემ გაიტანა სამოქალაქო სარჩელი ჩემს წინააღმდეგ, ანუ აღარ მედავება ზიანის მიყენებაში, ახლა უკვე მაინტერესებს, ვინ არის დაზარალებული ამ საქმეში. დაზარალებული არ არსებობს ფინანსურ დანაშაულში. ვერ ვხვდები უკვე როგორ უნდა მედავონ იმასაც ვერ ვხვდები, – განაცხადა საქალაქო სასამართლოსთან ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას პროკურატურა “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.

შემდეგი სხდომა 2 თებერვალს დაინიშნა.