სააკაშვილის საქართველოში შემოყვანისთვის დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვეს

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანისთვის დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვესმიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანისთვის დაკავებული პირები,  ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე, პატიმრობაში დატოვეს.

პროკურატურა მათ ჩვენების სანაცვლოდ სასჯელის შემსუბუქებას ჰპირდებოდა.

ელგუჯა ცომაიას, მამა-შვილი წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს დეტალებში უნდა მოეყოლათ, რა სახის დახმარება გაუწიეს სააკაშვილს და ვინ იყო კიდევ ჩართული მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების პროცესში, სანაცვლოდ კი ყველას ნაკლებად მძიმე მუხლით გაასამართლებდნენ.

სასამართლო პროცესი ნახევარ საათის განმავლობაში გაგრძელდა. დაცვის მხარე ელოდა, რომ ბრალდებულებს გირაოთი გაათავისუფლებდნენ, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ დაკავებულებს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქება ელით და  გირაოთი გათავისუფლებაზე შეთანხმება არ არსებობს.

ვადასტურებ, რომ ბრალდებულებმა მისცეს აღიარებითი ჩვენება, თუმცა ეს ფაქტი არ არის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის უპირობო საფუძველი, არავინ არავის არაფერს დაპირებია, ეს მათი პოზიციაა. აღიარებითი ჩვენება და მათი თანამშრომლობა გამოძიებასთან აისახება სასჯელთან მიმართებაში, რასაც საბოლოოდ სასამართლო დაადგენს.

საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. – აღნიშნა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
დაცვის მხარე განმარტების გაკეთებას თავს არიდებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ არავითარ გარიგებას პროკურატურასა და დაკავებულების ოჯახის წევრებს შორის ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, ,,ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბრალდებულის ოჯახი ირწმუნებოდა, რომ შეთანხმების თანახმად, აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ, ახალ წლამდე ელგუჯა ცომაიას გაათვისუფლებდნენ.

ტვ პირველი