საქართველოს ეკლესიას ტყეების საკუთრებაში გადაცემა არ მოუთხოვია

საქართველოს ეკლესიას ტყეების საკუთრებაში გადაცემა არ მოუთხოვიასაქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით უფლება აქვს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ მოითხოვოს ტყის საკუთრებაში გადაცემა – თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტარი.

ეკლესიას საკუთრებაში ტყეს საქართველოს მთავრობა გადასცემს – ეკლესიის შესაბამისი განაცხადისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე.

სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ზემოაღნიშნული წესით ეკლესიისთვის ტყის ფართობების გადაცემა არ მომხდარა.

„ამ ეტაპზე სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე არ მომხდარა ტყის ფართობების საკუთრებაში გადაცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიაზე, ასევე სამინისტროში არც ერთი განცხადება არ შემოსულა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიიდან, ტყეთა ფართობებისა და მიჩენილი ტერიტორიების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით“, – მიწერეს “ბათუმელებს” სამინისტროდან.
სამინისტროს ინფორმაციით, „დღეის მდგომარეობით საქართველოს ტყე არის სახელმწიფოს საკუთრებაში და
იმართება სახელმწიფო უწყებების მიერ.“

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შესაძლოა გადაეცეს ტყეები, რომლებიც 2021 წლამდე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედაა.

ბათუმელები