თამრიკო ღამბარაშვილი ბერძნული მასტერშეფის მეორე ეტაპზე გავიდა

თამრიკო ღამბარაშვილი ბერძნული მასტერშეფის მეორე ეტაპზე გავიდაბერძნული მასტერშეფის (მეორე ეპიზოდი) პირველი ეტაპის ჩანაწერი „სტარის“ ეთერში გუშინ საღამოს, ათენის დროით 21:00 საათზე გავიდა.

მასში ქართველმა ემიგრანტმა – თამრიკო ღამბარაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.

პირველ ტურში მან ჟიურის წევრ შეფ-მზარეულებს ქართული ეროვნული კერძი – ხინკალი მოუმზადა. პანოს იოანიდისს და ლეონიდას კუცოპულოსს ხინკალი მოეწონათ, სოტირის კონტიზასმა კი დაიწუნა – შემწვარ ხინკალზე თქვა, ცომი მოხარშული არ იყოო.  ამის მიუხედავად, მასტერშეფის წესების თანახმად, ქართველი კონკურსანტი შემდეგ ტურში მაინც გადავიდა, რადგან ორი „დიახ“ მიიღო და წინსაფარიც დაიმსახურა.

ხინკლის ჭამას მიუჩვეველი შეფები ცხელი წვენის შესრუტვას ვერ ახერხებდნენ, რამაც ისინი ძალიან გაამხიარულა.

ლეონიდას კუცოპულოსმა ხინკლის კუჭიც შეჭამა, სანამ ქართველი კონკურსანტი მის გაფრთხილებას მოასწრებდა. „კუჭებს ვტოვებთ, რადგან შემდეგ დავითვალოთ, ვინ რამდენი შეჭამაო“, – იხუმრა ქალბატონმა თამრიკომ.

მან პირდაპირ ეთერში დედას დაურეკა საქართველოში, რათა მისთვის ეთქვა, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

წარმატება ვუსურვოთ ჩვენს თანამემამულეს. საინტერესოა, რას მოამზადებს იგი ამჯერად.

ნოსტალ. ჯი