თეა გვასალიამ ფესიბუქში დაწერა:
“ძალიან დიდი ხნის წინ წაკითხული, მარკესთან ინტერვიუდანაა. ჟურნალისტი ეუბნება: თქვენ მდიდარი ადამიანი ხართო და მერე რას ეკითხება არ მახსოვს, მაგრამ მარკესის პასუხი სამუდამოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. არაო, უთხრა, მე მდიდარი კი არა, ფულიანი ღარიბი ვარ, ეს კი სულ სხვა რამააო. ( გეხსომებათ, „მარტოობის ასი წელიწადი“ გამომცემელთან რომ გაეგზავნა ფოსტით, მიქსერი და ცოლის, მერსედეს ბარჩას თმის ფენი დატოვა ლომბარდში). მერე, რომანის არანორმალური წარმატებისა და ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, მისი წიგნები მილიონობით ტირაჟით რომ იბეჭდებოდა მსოფლიოს ყველა ენაზე, თავადაც მილიონერი გახდა, მაგრამ ცხოვრების წესი დიდად არ შეუცვლია. ჯერ კარტახენა დე ინდიასში ცხოვრობდა, შემდეგ მეხიკოში იყიდა ლამაზი, მაგრამ არაგადაპრანჭული და არა ოქროს უნიტაზებიანი სახლი და იქ გააგრძელა წერა. ცხადია ყველაფერი შედევრი ვეღარ გამოუვიდა და ზოგი კარგი რომანი და მოთხრობა შემოეწერა, ზოგიც ძალიან კარგი. ჩემი სუბიექტური აზრით მისი ნაწარმოებების ტოპ სამეული ასე გამოიყურება:
1. პოლკოვნიკს არავინ სწერს. 2. მარტოობის ასი წელიწადი. 3. პატრიარქის შემოდგომა.
რამ გამახსენა ახლა მარკესი და თურმე რამდენი ფულიანი ღარიბი გვყოლია საქართველოში!!! სულით და ტვინით ღატაკები.
კოლუმბიელი „ფულიანი ღარიბი“ გენიოსი, ბოლომდე არაკატაკელ გაბოდ დარჩა და მსოფლიო ლიტერატურა გაამდიდრა. “

