წულუკიანი – “ნინო ხუნდაძის დროს ფერწერის ფონდიდან 21 ექსპონატი დაიკარგა”

წულუკიანი - "ნინო ხუნდაძის დროს ფერწერის ფონდიდან 21 ექსპონატი დაიკარგა"კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაცია დასრულდება, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა.

წულუკიანმა ნინო ხუნდაძეზე ილაპარაკა, რომელიც ფერწერის ფონდს ხელმძღვანელობდა და რომელიც სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. წულუკიანი სწორედ მას ადანაშაულებს 21 ექსპონატის დაკარგვაში.

“ეს იმდენად დიდი „პროფესიონალია“, რომ მის ფონდში სრულყოფილი ინვენტარიზაცია არასოდეს ჩაუტარებია. მის ფონდში ეს სრულყოფილი ინვენტარიზაცია ჩემივე დავალებით, ჩემ მიერ ნდობაგამოცხადებულმა ახალმა დირექტორმა, ბატონმა ნიკა ახალბედაშვილმა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ “დიდი”, აწ უკვე ჩვენი ყოფილი “პროფესიონალი” თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები”. – ამბობს წულუკიანი.

კითხვაზე, დაიკარგა თუ არა ეს ექსპონატები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ან 90-იან წლებში, როგორც ამას მისი ოპონენტები ამბობენ, წულუკიანმა თქვა, რომ ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როდესაც ნინო ხუნდაძე ხელოვნების მუზეუმში ნაციონალური მოძრაობის დროს მივიდა და ფონდი ჩაიბარა, სულ მცირე, ინვენტარიზაციის ჩატარება ევალებოდა.

“ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომლის ხელმძღვანელობისას ბატონი რურუას კაბინეტის მოსართავად ამ ფონდიდან გათხოვებული ჰქონდა და ფონდიდან გატანილი იყო ფერწერული ტილოები. ქართული ოცნების კულტურის სხვადასხვა მინისტრის, მიშა ბატიაშვილის თუ სხვების დროს ამ ტილოების დაბრუნება დაიწყო და ჩემ დროს დასრულდა. ასევე, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომელსაც ევალებოდა, გამოეთხოვა თავისი ფონდიდან უვადოდ, თუ ვადიანად და ვადადარღვეულად გატანილი ექსპონატები, მაგრამ ის იჯდა და არაფერს აკეთებდა, როგორც დიდი “პროფესიონალი“. – ამბობს წულუკიანი.

მისივე განცხადებით, ერთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს საქმეზე, რომელშიც ნინო ხუნდაძე ფიგურირებს.

“ნაციონალების დროს სწორედ ქალბატონი ნინოს ფონდიდან არის გატანილი ფერწერული ნამუშევრები ჩვენს საელჩოში ამერიკაში, სადაც ისინი დაკარგულად ითვლება და უკვე რამდენიმე წელია, სწორედ ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება”. – ამბობს წულუკიანი.

ფორმულა