„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის წევრებმა 9 თებერვალს ხეობაში მანქანების კოლონით საპროტესტო მსვლელობა გამართეს და მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას 1-კვირიან ვადა მისცა კომპანია „ენკაზე“ და პროექტის სამომავლო ბედთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის მისაღებად.
„მოვითხოვთ, რომ დროულად იყოს რეაგირება და პასუხი, რა ხდება კომპანიასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ საკუთარი პოზიცია გააჟღეროს საკითხთან დაკავშირებით, რათა ჩვენ ამის შემდეგ გარკვეული სურათი გვქონდეს. ჩვენი შემდგომი მოქმედებები მხოლოდ ამის შემდგომ გამოიკვეთება, როცა ისინი პასუხს გვეტყვიან, რას აპირებენ კომპანიასთან დაკავშირებით – იწყება საარბიტრაჟო დავა თუ არბიტრაჟის გარეშე გვარდება ეს საკითხი, თავად ხელისუფლება რას ფიქრობს პროექტთან დაკავშირებით, როგორ წყვეტს ამ საკითხს. ამ ყველაფერზე ვითხოვთ დროულ პასუხს. სხვა შემთხვევაში მოგვიწევს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში აქ გადმოვინაცვლოთ კარვებით – კომპანიის შესასვლელ კართან და აღარ მივცეთ შესაძლებლობა არავის, შევიდეს და გამოვიდეს. და ეს იქნება ჩვენი ბერკეტი, პროცესზე ზემოქმედების…
დღეიდან 1 კვირის ვადაში თუ მათგან არ იქნება პასუხი, ჩვენ გადავალთ პროტესტის აქტიურ ფაზაზე და გადმოვიტანთ კარავს კომპანიის შესასვლელ ჭიშკართან”, – აცხადებს გოლეთიანი.

