დოროყაშვილის ადვოკატი თავხელიძე – “დაიკითხნენ ახალი მოწმეები”

დოროყაშვილის ადვოკატი თავხელიძე - "დაიკითხნენ ახალი მოწმეები"ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეზობლის ჩვენებით, მასზე გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემის იძულებას ჰქონდა ადგილი.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა ანა თავხელიძემ განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმეს, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა, თითქმის 2 წლის განმავლობაში არც ერთი უწყებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

„დღეს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობა გარკვეულ ნაწილში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მათი შინაარსიდან გამომდინარე, გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით უზუსტობა იყო გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან მიმართებით. თუმცა, ის ძირითადი გარემოებები, რაზეც დაზარალებული საუბრობდა, მათ დაადასტურეს.

მაგალითად, ის, რომ სრულიად უცნობმა ადამიანმა სთხოვა მათ ბასილაშვილების სახლიდან გარიდება, ის, რომ ბავშვი ტიროდა. ასევე, დადასტურდა ის ფაქტიც, რომ ნელი დოროყაშვილი მანქანით მგზავრობის დროს 112-ში დარეკვას ცდილობდა. იქიდან გამომდინარე, რომ მომხდარიდან დიდი დრო არის გასული, მათ გარკვეული დეტალები ვერ გაიხსენეს. რაც შეეხება ჩვენების მიცემის სავარაუდო იძულებას, ამ ნაწილში დარწმუნებული ვარ, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება პროკურატურის მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეზობელმა ისაუბრა, თუმცა მას შემდეგ 2 წელია გასული და მსგავსი რამ არც გამოძიებისთვის და არც ნებისმიერი სხვა უწყებისთვის არ მიუწოდებია და მხოლოდ დღეს განაცხადა სასამართლოში.

მან თქვა, რომ როცა გამომძიებელი გამოკითხვას აწარმოებდა, პროკურორს ჰქონდა გამომძიებელთან კომუნიკაცია და კითხვებს სვამდა გარკვეული საკითხების დაზუსტებასთან დაკავშირებით. პროკურომა გააკეთა განმარტება, რომ ის უბრალოდ დამაზუსტებელ კითხვებს სვამდა, რომ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მოწმისგან და ხელმეორედ მისი გამოკითხვა საჭირო არ გამხდარიყო. თუმცა, მოწმემ ეს განსხვავებულად აღიქვა”,- განაცხადა თავხელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

იპნ