ეკატერინე კიკნაძემ თეა წულუკიანს უჩივლა

ეკატერინე კიკნაძემ თეა წულუკიანს უჩივლამუზეუმის ყოფილმა მმართველმა ეკატერინე კიკნაძემ სახალხო დამცველს საჩივრით მიმართა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატისა და მისი ოთხი წევრის მიერ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა მოითხოვა.

საიას ცნობით, 28 იანვარს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა კონკურსში გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც გამაჯვებულ პროექტებში შორის ეკატერინე კიკნაძის და ხელოვნების მუზეუმის სხვა ყოფილი თანამშრომლების ერთობლივი პროექტი იყო.

საიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ ეკატერინე კიკნაძის პროექტმა რუსთაველის ფონდის დაფინანსება მიიღო, კულტურის მინისტრმა განსხვავებული შეხედულებების გამო კვლევითი პროექტებიდან კონკრეტული პირების ჩამოშორების მექანიზმი შეიმუშავა.

მიღებული ცვლილებების შესაბამისად, 9 თებერვალს, დირექტორატის წევრმა, ნიკა ახალბედაშვილმა რუსთაველის ფონდს 13 გამარჯვებული პროექტისთვის დაფინანსების გამოყოფის მიზანშეუწონლობის შესახებ წერილობით მიმართა, რითაც ფაქტობრივად, სამეცნიერო პროექტების, მათ შორის, ეკატერინე კიკნაძის და მისი კოლეგების გამარჯვებული პროექტის განხორციელება შეჩერდა.

„იმ მიზნით, რომ ხელი შეშლოდა კრიტიკულად განწყობილი (ყოფილი) თანამშრომლების სამეცნიერო კვლევების განხორციელებას მუზეუმში, მინისტრმა განსხვავებული შეხედულებების გამო კვლევითი პროექტებიდან კონკრეტული პირების ჩამოშორების მექანიზმი შეიმუშავა. კერძოდ, დებულებით დირექტორატს მიენიჭა უფლებამოსილება, დაფინანსებული პროექტების შესახებ მიმართოს დამფინანსებელს და მოითხოვოს საგრანტო თანხა. დირექტორატს ასევე მიენიჭა უფლება, თავად განსაზღვროს, დაუშვებს, თუ არა მუზეუმში მკვლევარს კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით.

2022 წლის 22 თებერვალს ეკატერინე კიკნაძემ საჩივრით მიმართა სახალხო დამცველს და მოითხოვა მინისტრის, სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატისა და მისი ოთხი წევრის მიერ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკატერინე კიკნაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სახალხო დამცველის აპარატში საია წარმოადგენს.