მარიამ კუბლაშვილი – “ილია ჯიშკარიანის გამარჯვება მოსალოდნელია”

მარიამ კუბლაშვილი - "ილია ჯიშკარიანის გამარჯვება მოსალოდნელია"ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ, რომელსაც მისივე თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობაში სდებს ბრალს, გამამართლებელი განაჩენი დადგება.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამთა თოდაძის ჩვენებაში ურთიერთსაწინააღმდეგო ნიუანსები იკვეთება.

„ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოსალოდნელია სასამართლომ გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია და ჩვენი მხარისთვის დამაჯერებელი გამარჯვება, გამამართლებელი განაჩენი დადგეს. პროკურორის სიტყვიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოხდა თამთა თოდაძის სიცრუის ტირაჟირება, რომელიც მან ჯერ მედიას, შემდგომ გამოძიებას და მოგვიანებით სასამართლოს წარუდგინა. ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო ნიუანსები და სწორედ ამ ნიუანსებშია ამ საქმის მთავარი არსი.

ასევე, ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ სექსუალურ სხვაგვარ ქმედებას ჰქონია ადგილი, როგორც ამას თამთა თოდაძე და ბრალდება აცხადებს. სხვაგვარ ქმედებაში მიიჩნევენ, რომ ილია ჯიშკარიანმა სხეულის ინტიმურ ადგილას მოუჭირა ხელი თამთა თოდაძეს. ეს იყო დასკვნითი სიტყვის არსი. უკაცრავად, იძულებული ვარ ასეთ ნიუანსებზე ვისაუბრო იმიტომ, რომ სექსუალურ სხვაგვარ ქმედების ბრალდებას აქვს ადგილი და არა, გაუპატიურების მცდელობას. გაუპატიურების მცდელობას ადგილი არ ჰქონიაო და ბრალდების მხარე ამას იმით აღნიშნავს, რომ თითქოსდა შესაძლებლობა არ მიეცა ჯიშკარიანს”, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მისი თქმით, პროკურორმა არ ისაუბრა, თუ როგორ მიიღო თოდაძემ დაზიანებები ფეხზე და იდაყვის არეში.

“ერთადერთი რაზეც ისაუბრა არის ის, რომ თურმე ბეჭდებს დაუკაწრავს ხელები და არა ტელეფონის წართმევის პროცესს. როგორია ეს ბეჭდები, საქმეში წარმოდგენილი არ არის. აბსტრაქტულად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ბეჭდებით მოხდა ასეთი ნაჭდევების განვითარება. ცემაზე აპელირებენ და არცერთი დაზიანება არ არსებობს დაზარალებულის სხეულზე”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

იპნ