ნაზი ჯანეზაშვილი – “მოსამართლე 2 ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს”

ნაზი ჯანეზაშვილი - "მოსამართლე 2 ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს"კანონი ითხოვს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებდეს ორ ძირითად კრიტერიუმს, ეს არის: კეთილსინდისიერება და კვალიფიკაცია, თუმცა ჩვენ წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ მოსამართლეები ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის” თავმჯდომარემ, ნაზი ჯანეზაშვილმა, ნაშრომის, „მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობა” პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ჯანეზაშვილმა განმარტა, კვლევა, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ „მუდმივად ხდებოდეს იმ პრობლემების შესწავლა, რაც სასამართლოშია”.

„როგორც იცით, კანონმდებლობა საკმაოდ სრულყოფილია იმ თვალსაზრისით, რომ კანონი ითხოვს, მოსამართლე აკმაყოფილებდეს ორ ძირითად კრიტერიუმს, ეს არის: კეთილსინდისიერება და კვალიფიკაცია, თუმცა ჩვენ წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ ხშირ შემთხვევაში მოსამართლეები ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც სწორედაც ემსახურება იმას, რომ სისტემაში შევიდნენ ძალიან ღირსეული, გამოცდილი, კვალიფიკაციის შესაბამისი და ამავდროულად, კეთილსინდისიერი მოსამართლეები. ორივე კრიტერიუმი არის თანაბრად მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება უშუალოდ კვლევას, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნიჰილიზმი უკვე არსებობს საზოგადოებაში, ძალიან ბევრი აქვს კვლავ გასაკეთებელი სამოქალაქო საზოგადოებას, იმიტომ, რომ არ შეიძლება და ეს კვლევაც მე ვფიქრობ, არის ძალიან არსებითი და საჭირო დღეისათვის, რომ მუდმივად შესწავლა ხდებოდეს იმ პრობლემების, რაც სასამართლოშია, მუდმივად ხდებოდეს შეფასება იმ გამოწვევების, რაც დღეს დგას მოსამართლეების წინაშე და საზოგადოება რას ითხოვს, ეს იცოდნენ სასამართლო სისტემაში, მათმა წარმომადგენლებმა. ამიტომ, ვფიქრობ, კარგია ასეთი კვლევები რომ იწერება, მნიშვნელოვანია ამ თემებზე დისკუსია”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იპნ