აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული, მირიან ნათენაძის თქმით, კომპანია „მაკრო კონსთრაქშენის“ ხელმძღვანელობამ სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლა, რომ კოვიდის გამო, თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწია.
„ჩემს მეუღლეს 24 დეკემბერს დაუდასტურდა კოვიდი, გადავედი იზოლაციაში, ვერ მივიდოდი სამსახურში და სხვას ვერ გადავდებდი, ასეთი უპასუხისმგებლო არ ვარ. 10 დღე ვიყავი სახლში, 11–ე დღეს მოვედი და მითხრეს, შენი ადგილი სხვამ დაიკავაო“, – ამბობს ექსკავატორის მძღოლი, მირიან ნათენაძე.
იგი სამსახურში აღდგენას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
„ძალიან ცუდად გვექცევიან, 8–ის ნაცვლად, 11–12 საათი ვმუშაობთ, მაგრამ ზეგანაკვეთურს არავინ გვინაზღაურებს, ვინც აპროტესტებს იმას სამსახურიდან უშვებენ“, – ამბობს იგი.
“სამხრეთის კარიბჭე” ცდილობს კომპანიის ხელმძღვანელობისგან კომენტარი მოიპოვოს, ამ დრომდე ისინი მედიასთან კომუნიკაციაზე უარს აცხადებენ. მოსალაპარაკებლად შესულ ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეს კი უთხრეს, რომ ორშაბათამდე დასაქმებულებთან არსებულ უთანხმოებას მოაგვარებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან აბასთუმნის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი გაფიცულია, გაჩერებულია ტექნიკაც. თანამშრომლები ამბობენ, რომ იქამდე არ განაგრძობენ მუშაობას, ვიდრე მათი პირობები არ შესრულდება.
მათი მოთხოვნებია:
სამსახურიდან გათავისუფლებული 15–მდე პირის დაბრუნება;
ხელფასების დროული დარიცხვა და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება;
კვების გაუმჯობესება.
სამხრეთის კარიბჭე

