ადვოკატი ველიჯანაშვილი – “თავდაცვის სამინისტრო ბაჩო ახალაიასგან 60.000 ლარს ითხოვს”

ადვოკატი ველიჯანაშვილი - "თავდაცვის სამინისტრო ბაჩო ახალაიასგან 60.000 ლარს ითხოვს"ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასგან ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე 60.000 ლარის ოდენობით სამოქალაქო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა საქმიდან ითხოვს სამინისტრო ყოფილი ხელმძღვანელისგან ზიანის თანხით ანაზღაურებას, ეს საიდუმლოა.

„ახლა, არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში განხილვა არ მიმდინარეობს, ბრალი წარდგენილი არ აქვს. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, ეს არის სამოქალაქო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე. საუბარია, იმაზე, რომ ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე. საქმე გასაიდუმლოებულია, მაგრამ თანხა ბრალშიც იყო აღწერილი და ეხება 60.000 ლარს. თუ რა იყო და როგორ იყო, ეს არის საიდუმლო ნაწილი და ვერ განვაცხადებ”, – აცხადებს ველიჯანაშვილი.

ამასთან, ველიჯანაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაჩო ახალაია არაერთ საქმეში და ეპიზოდში გამართლდა, მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა არ წყდებოდა.

“ხელისუფლების მიზანი იყო, რომ ის პატიმრობაში ემყოფებინათ. საბოლოოდ ამას მიაღწიეს და მიღწიეს მის უკანონო პატიმრობასაც, უკანონო განაჩენსაც და 9 წელი და 4 თვე ტყვეობაში იმყოფებოდა, მიუხედავად იმის, რომ 9 წელი ჰქონდა მისჯილი, საიდანაც დღეს გათავისუფლდა. ჩვენ სამართლებრივად ვდავობთ ევროსასამართლოში და ჯერ კიდევ, 2012 წელს შეფარდებული პატიმრობა გვაქვს გასაჩივრებული, რაზეც სასამართლოსთან კომუნიკაცია იყო და დარჩენილია განაჩენის გამოცხადება. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ეს შეაფერხა სასამართლოში ჩვენი ახალი მოსამართლის დანიშვნამ, დრო მოითხოვა და ამის გამოა გაჭიანურებული”, – აცხადებს ველიჯანაშვილი.

იპნ