ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა – “პოლიტიკოსობას არ ვაპირებ”

ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა - "პოლიტიკოსობას არ ვაპირებ"თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ის დროის გატარებას მეუღლესთან და შვილებთან ერთად აპირებს.

„დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე. აგერ მიდგას გვერდით მიზანი – მეუღლე და ჩემი შვილები. ეს არის მთავარი ამოცანა და ცოტა ფეხზე დადგომა მინდა. გამოფიტული ვარ, დაღლილი და გადაღლილი ვარ,“ – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც მისი მეუღლე და ადვოკატი ანი ნადარეიშვილი განმარტავს, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრების წამების საქმეზე ჰქონდა მისჯილი.