ემა გოგოხიას ზუგდიდში ალტ-ინფოს ოფისში თავს დაესხნენ

ემა გოგოხიას ზუგდიდში ალტ-ინფოს ოფისში თავს დაესხნენსპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზუგდიდში ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

“2022 წლის 18 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ემუხლის მეორე ნაწილით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ინფორმაციით, ზუგდიდში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა. ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს “ალტ-ინფოს” ოფისში დაესხნენ.

ემა გოგოხია ამბობს, რომ არხის ოპერატორს დაახლოებით 8 ადამიანმა სასტიკად სცემა.

მისი თქმით, თავდამსხმელებს კამერის დაზიანება სურდათ, სადაც აღბეჭდილი იყო, როგორ შლიდა დასუფთავების სამსახურის “ალტ-ინფოს” ოფისზე დახატულ უკრაინის დროშას და წარწერებს.

“ისინი კასტეტებით იყვნენ შეიარაღებულები. უმოწყალოდ სცემდნენ ოპერატორს, დაახლოებით 8 ადამიანი. ასევე, ჩემზეც განხორციელდა ძალადობა. სამიზნე იყო კამერა. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, კამერა იყო თუ არა დამტვრეული და “კამერა წაიღე”, რომ ამ კამერით იღებდნენ “იმ ფაქტს”. დასუფთავების სამსახურის მასალა იყო აღბეჭდილი ამ კადრზე, თუ როგორ ასუფთავდებდნენ და ამის შემდეგ როგორ გარბოდნენ. ჩემი აზრით, ამ მიზნით უნდოდათ კამერის განადგურება”, – ამბობს ემა გოგოხია.