გახარიას პარტიის წევრს წალენჯიხაში გელა აბულაძეს პატიმრობა შეეფარდა

გახარიას პარტიის წევრს წალენჯიხაში გელა აბულაძეს პატიმრობა შეეფარდათბილისის საქალაქო სასამართლომ წალენჯიხის საკრებულოს წევრ გელა აბულაძეს და მერის წარმომადგენელს ანზორ ფიფიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მათთან ერთად დაკავებულ კიდევ 9 პირს კი გირაოს გადახდა შეეფარდათ.

უფრო კონკრეტულად, დაკავებულ ერთ-ერთ პირს, ნუნუ აბულაძეს 2000 ლარის, ხოლო დანარჩენებს 6000 ლარის ოდენობით გირაო განესაზღვრათ.

დაცვის მხარის განცხადებით, გელა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და ის ბრალს არ აღიარებს. შესაბამისად, დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ აბულაძის მიმართ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

აბულაძეს თავდებში უდგებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები გახარიას პარტიიდან: ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და გიორგი ხოჯევანიშვილი, ასევე წალენჯიხის საკრებულოს წევრები. თუმცა, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და გელა აბულაძეს პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 9 პირს ბრალდება წარუდგინა.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გ.ა. დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მისი ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დარეგისტრირებაში დახმარება სთხოვა.