„იაპონიის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს“ – რამზან კადიროვი

„იაპონიის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს“ - რამზან კადიროვიჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი იაპონიის მთავრობის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება და საპასუხო ზომებს აანონსებს.

„ზნეობისა და კეთილშობილური ქცევის და „ბუშიდოს” მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყანა, რომელიც ყოველთვის განცალკევებით დგას მთელი მსოფლიოსგან, მოულოდნელად ევროპის ქვეშ მოექცა. მართლა მაინტერესებს, ასეთი ერთი შეხედვით ჭკვიანი ადამიანები უცებ როგორ შეცდნენ და გაყინეს ჩემი აქტივები, რომლებიც არასდროს მქონია იაპონიაში?” – წერს რამზან კადიროვი ინსტაგრამზე.

მისი თქმით, იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩეჩნეთის მიწაზე „ფეხს ვეღარ დაადგამენ“.

„ამიერიდან იაპონიის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს, გარდა ორი ადგილისა – სოფლების, ბრაგუნისა და სამაშკის ფსიქიატრიული საავადმყოფოებისა. მე არ ვარ მონსტრი, რომ მათ აუცილებელი მკურნალობის საშუალება არ მივცე. მთელი მათი ქონება და საბანკო ანგარიშები დაკავებულია, გაიყიდება, თანხები კი კურილის კუნძულების განვითარების ფონდში გადაიგზავნება“, – განაცხადა კადიროვმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არცერთი ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები არ ანაღვლებს.

„ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი სანქციისთვის მიმიფურთხებია. მე მხოლოდ ერთის მეშინია – ყოვლისშემძლე ალაჰის სანქციების ქვეშ მოქცევის,” – წერს რამზან კადიროვი ინსტაგრამზე.