ირაკლი კობახიძე – “დემნა დევდარიანის გამოსვლა ნედ პრაისის პრესკონფერენციაზე სამარცხვინო იყო”

ირაკლი კობახიძე - "დემნა დევდარიანის გამოსვლა ნედ პრაისის პრესკონფერენციაზე სამარცხვინო იყო"ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, დემნა დევდარიანის კითხვას, რომელიც მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვა, სამარცხვინო უწოდა.

ოცნების თავმჯდომარემ 11 მარტს ამ თემას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა.

– სამარცხვინო და მოღალატეობრივი იყო ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიის, მთავარი არხის წარმომადგენლის გუშინდელი გამოსვლა ნედ პრაისის პრესკონფერენციაზე, რომელიც ასევე სიცრუეზე იყო აგებული და საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებას ისახავდა მიზნად, – თქვა კობახიძემ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ისევ ამტკიცებს, რომ “რადიკალური ოპოზიცია” მოღალატეობრივ კამპანიას ეწევა და უკრაინაში მიმდინარე ომს  საპროტესტო აქციებისთვის იყენებს.

– დღეს საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს საბაბად საპროტესტო აქციებისთვის და შიდა და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის, – თქვა კობახიძემ.
კობახიძემ დავით უსუფაშვილიც დაადანაშაულა ომში ჩართვის სურვილში.

– დავით უსუფაშვილს გუშინ წამოსცდა ის, რაც არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანა. კერძოდ, მან გუშინ, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ომში რუსეთთან, – ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, “მეხუთე კოლონას” “ნაციონალური მოძრაობის” სახით, ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – სანქციებით დაამძიმონ საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა და საქართველო ომში ჩართონ.

მთავარი არხის კორესპონდენტმა აშშ-ში, დემნა დევდარიანმა პრაისს  ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევასა და ღარიბაშვილის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არაეფექტურად შეფასებაზე ჰკითხა.

პრაისმა აღნიშნა, რომ პრინციპები, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაარღვია, იგივეა, რასაც დღეს, უკრაინის შემთხვევაში,  არღვევს.

მისივე თქმით, ისინი ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, მხარი არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს, არამედ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს დაუჭირონ.

მთავარი