ხულოში “ალტ ინფოს” ოფისი დაატოვებინეს

ხულოში "ალტ ინფოს" ოფისი დაატოვებინეს„ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა“ ხულოში პარტიის ოფისი დაატოვებინეს.

როგორც ხულოს მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ, პარტიამ ოფისი 7 მარტს გახსნა, თუმცა პარტიის წარმომადგენლებს ფართობის მესაკუთრე დაუკავშირდა და ოფისის დაცლა მოსთხოვა.

„თავიდან არ ვიცოდი, ვინ ქირაობდა ფართობს, მაგრამ შემდეგ გავიგე, ვინც იყვნენ და მოვთხოვე ოფისის დაცლა“ – თქვა ფართობის მესაკუთრემ, დათო სოლომონიძემ.

დათო სოლომონიძე ამბობს, რომ მისთვის „კონსერვატიული მოძრაობის“ იდეოლოგია მიუღებელია.

„ჩემთვის მიუღებელია ამ პარტიის პოლიტიკური იდეოლოგიაც და რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ მუსლიმ ქართველებს, მე არც თათარი ვარ და არც ურწმუნო, როგორც ისინი მოიხსენიებენ ხოლმე ქართველ მუსლიმებს. ასეთი შეხედულებების პარტიას ფართობს არ დავუთმობ,“ – ამბობს დათო სოლომონიძე.

მისი თქმით, „კონსერვატიულ პარტიას“  ხულოში პარტიის ოფისი 1.500 ლარად ჰქონდა დაქირავებული.

„ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

ბათუმელები