ლადო გრიგალაშვილს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა ძალაში დარჩა

ლადო გრიგალაშვილს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა ძალაში დარჩა20 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მის მიმართ შეფარდებული უვადო პატიმრობა ძალაში დარჩა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ – სამი მოსამართლის შემადგენლობით უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა.

პროკურორმა საკუთარ სიტყვაში იმ არაერთ მტკიცებულებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მსჯავრდებულის წინააღმდეგაა მოპოვებული. ამასთან, ბრალდების მხარე დანაშაულის სიმძიმეზე და სისასტიკეზე ამახვილებდა ყურადღებას. რაც შეეხება თავად ბრალდებულს, მან დღეს საბოლოო სიტყვით ისარგებლა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. განაჩენის გამოცხადებას მოკლულის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ისინი სასამართლოს განაჩენით კმაყოფილები არიან.

ცნობისთვის, 2018 წლის 22 თებერვალს, ანა ნაცვლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი შეყვარებული – ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. მან ანა ნაცვლიშვილი შემთხვევის დღეს სახლიდან გაიყვანა და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაულისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გრიგალაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სწორედ აღნიშნული საჩივარი არ დააკმაყოფილა დღეს სასამართლომ.

იპნ