მამარდაშვილი და ვალენსია ესპანეთის თასის ფინალში გავიდნენ

მამარდაშვილი და ვალენსია ესპანეთის თასის ფინალში გავიდნენესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ვალენსიამ“ სახლში „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეგახსენებთ, გასვლაზე „ვალენსიამ“ ფრეს (1:1) მიაღწია. გულშემატკივრები გუნდს „მესტალიას“ შესასვლელთან დახვდნენ და ფოიერვერკების ფონზე სტადიონზე გამამხნევებელი შეძახილებით შეაცილეს.

მასპინძელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ყველა ტურნირზე მე-11 შეხვედრა ჩაატარა და კარიერის უმნიშვნელოვანეს მატჩში საუცხოოდ გაისარჯა. მან ზედიზედ მეორეჯერ შეინახა კარი მშრალად.

პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა. ქართველი მეკარე დამაჯერებელი იყო, მუნიაინსა და უილიამსს არ დაანება გოლის გატანა, 43-ე წუთზე კი გედეშმა შორიდან ლამაზი დარტყმით „ღამურები“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში ბევრი იყო ბრძოლა, ანგარიში არ შეიცვალა და “ვალენსიამ” გაიმარჯვა.

დღეს, მეორე ნახევარფინალში, ერთმანეთს “ბეტისი” და “რაიო ვალეკანო” დაუპირისპირდებიან და მათ შორის გამარჯვებული 23 აპრილს ფინალში “ვალენსიას” შეხვდება.

“ვალენსიას” რვაჯერ აქვს მოგებული ესპანეთის თასი – ბოლოს 2019 წელს. მაშინ მან “ბარსელონას” სძლია.

სპორტალი