“ოცნებამ” პრეზიდენტ ზურაბიშვილს ღია ომი გამოუცხადა – “ის კონსტიტუციას ვერ კითხულობს”

"ოცნებამ" პრეზიდენტ ზურაბიშვილს ღია ომი გამოუცხადა - "ის კონსტიტუციას ვერ კითხულობს"„ქართული ოცნება” პრეზიდენტ ზურაბიშვილს ღიად დაუპირისპირდა. მეტიც, კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვა.

“საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს”- ვკითხულობთ “ოცნების” განცხადებაში.

“საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვო”- წერს მმართველი პარტია.

“კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს.
სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, აშკარად იკვეთება უარყოფითი ტენდენცია და ჩვენი ვალია, ამ ტენდენციაზე იმთავითვე მოვახდინოთ პოლიტიკური რეაგირება, რათა მან კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებას რაიმე ჭარბი სირთულე არ შეუქმნას.
ვიდრე დეტალებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს გვინდა მოვუწოდოთ, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და განსაკუთრებით, სამი მთავარი კონსტიტუციური ორგანოს – პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს”- წერია განცხადებაში.
“ქართული ოცნება” ზურაბიშვილს კონსტიტუციის მიღმა მოქმედებაში ადანაშაულებს.

“პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.
როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს”- აღნიშნულია კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდის საგანგებო განცხადებაში.
მეტიც, მმართველი პარტია” აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტების დაბლოკვას, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს.

მმართველი პარტია “სრულიად გაუგებარს” უწოდებს  პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებებს, რომელიც  სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ეხებოდა:

“ოცნებაში” აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო სამთავრობო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის იქმნება.

ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს. მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს” – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც აღმოჩნდა, “ქართული ოცნება” წყობოდან პრეზიდენტის იმ განცხადებამაც გამოიწვია, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ “ხელისუფლება სცოდავს”.

მათივე მტკიცებით, არანაკლებ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.

“საქართველოს პრეზიდენტმა პირველ რიგში უნდა სცეს პატივი საქართველოს კონსტიტუციას და პრეზიდენტის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს”- წერია განცხადებაში.