პ.ჭ-ს, რომელმაც საკუთარი ადვოკატი დაჭრა, პატიმრობა შეეფარდა

პ.ჭ-ს, რომელმაც საკუთარი ადვოკატი დაჭრა, პატიმრობა შეეფარდაადვოკატ გიორგი ბარდაველიძის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

„2022 წლის 21 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე და ბრალდებულ პ.ჭ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.

პ.ჭ.-ს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის.

საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 16 მარტს ადვოკატის მიერ დაცვის განხორციელებას და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ბრალდებული დაემუქრა ადვოკატს, რასაც თან ახლდა საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებული მოტივით განხორციელებული ფიზიკური ძალადობა გ.ბ.-ს მიმართ. კერძოდ, თანნ აქონი დანის გამოყენებით, ჭრილობა მიაყენა უფლებადამცველს სახის არეში, რის შედეგადაც უფლებადამცველმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარისას გაუჩნდა ქმედების განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის გათვალისწინებული მტკიცებულებათა სტანდარტი და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეთა გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2022 წლის 5 მაისს 14:00 საათზე გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.