ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი უროთი მოკლეს

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი უროთი მოკლესმკვლელობა მოხდა ფოთში – კაკულიას ქუჩაზე 30 წლამდე კაცი უროთი მოკლეს. შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.

ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი მეზობლები იყვნენ. ისინი გვიან ღამით სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მოგვიანებით, ბრალდებულმა მოკლულს სახლში მიაკითხა და ურო თავში ჩაარტყა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული რ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1992 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კ.ხ. მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ფოთში დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

იპნ