საძაგლიშვილი – “სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია”

საძაგლიშვილი - "სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია"დღევანდელი სხდომა მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეს უკავშირდება. ეს სათაური მრავლისმთქმელია და მიუთითებს ამ ბრალის აბსურდულობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებულ საქმეს სამართლებრივი მხარე არ გააჩნია.

“მოგეხსენებათ, დღევანდელი სხდომა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეს უკავშირდება. ეს სათაური მრავლისმთქმელია და ამ ბრალის აბსურდულობაზე მიუთითებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა, რითაც საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ამის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” პროვოკაციები კონტრაქციების დაანონსება დაიწყო.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა დაბრუნებულიყო იმ ფორმით, რომ არ გაერისკა არავის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, გარდა საკუთარისა.

ამ საქმეს სამართლებრივი მხარე არ გააჩნია. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო სხდომას, სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი. ის, სავარაუდოდ მიმართავს საზოგადოებას. რაც შეეხება იმას, თუ რა მოქმედებები შესრულდება, პროცესზე და ვინ გამოიკითხება, ეს დამოკიდებულია ბრალდების მხარეზე. რაც შეეხება შუამდგომლობას, წინასწარ დაგეგმილი არ გვაქვს, პროცესის მიმდინარეობისას შესაძლოა, წარმოიშვას“,- აღნიშნავს საძაგლიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

იპნ