“შემეშინდა და იმიტომ ვესროლე” – რას ყვება ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი

"შემეშინდა და იმიტომ ვესროლე" - რას ყვება ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცითელავში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ყვება, რომ გარდაცვლილმა დანა ჩაარტყა, იარაღი კი შიშის გამო გამოიყენა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ჰყვება.

მისი მტკიცებით, ურთიერთშელაპარაკების დროს გარდაცვლილმა მამაკაცმა ხელში დანა ჩაარტყა, რასაც მისი მხრიდან იარაღის გამოყენება მოჰყვა. ბრალდებულისათვის ხელში დანის ჩარტყმის ჩვენებას მოკლული ცოლ-ქმრის არასრულწლოვანი ქალიშვილი აძლევდა, თუმცა ბრალდებულმა გოგონას მხრიდან დანის გამოყენების ფაქტი უარყო.

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, ლეილა გარსევანიშვილი ადასტურებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა და ხელზეც ჭრილობა ნამდვილად აქვს. ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესზე საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების არასადაოდ ცნობას აპირებს.

„აქ საუბარი არ არის თავდაცვასა ან მოგერიებაზე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცის, რომ მძიმე დანაშაული ჩაიდინა და არ უარყოფს. ის ჰყვება, რომ გარდაცვლილმა მამაკაცმა ხელში დანა ჩაარტყა, ამან იცოდა, რომ მას იარაღი ჰქონდა, შეეშინდა და თვითონ გამოიტანა. ხელზე ნამდვილად აქვს ჭრილობა. გოგონამ მისცა ჩვენება, რომ დანა მე ჩავარტყიო, მაგრამ ბრალდებული არ ადასტურებს. წინასასამართლო სხდომაზე ვაპირებთ, ყველა მტკიცებულება არასადაოდ გავხადოთ და ეს საქმე მალე დავასრულოთ“, – ამბობს გარსევანიშვილი.

წინასასამართლო სხდომა, სადაც საქმის არსებით განხილვაში გადაცემის საკითხი უნდა გადაწყდეს, თელავის რაიონულ სასამართლოში 6 აპრილს ჩატარდება.

ცოლ-ქმრის მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, ერთ-ერთ ფერმაში, 11 თებერვალს მოხდა.

გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა მასთან ერთად ფერმაში დასაქმებული პირები სოლიდური თანხის გამო დახოცა.

მან ჯერ ცოლ-ქმარს ესროლა, შემდეგ კი მათი არასრულწლოვანი ქალიშვილი თოკით დააბა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143- ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდებულს 16- და 20- მდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პრაიმ ტაიმი