უსუფაშვილი – “ღარიბაშვილის და”ოცნების” წინააღმდეგ უბინძურესი კამპანია მიმდინარეობს”

უსუფაშვილი - "ღარიბაშვილის და"ოცნების" წინააღმდეგ უბინძურესი კამპანია მიმდინარეობს"უფრაქციო პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილი კოლეგებს მოუწოდებს, რომ ამ ვითარებაში პერსონალური  ვიწრო პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო არ არის.

„დიახ, მე ვადასტურებ იმ უბინძურეს კამპანიას, რომელიც მიმდინარეობს პრემიერმინისტრის და „ქართული ოცნების” წინააღმდეგ, მაგრამ ვადასტურებ იმასაც, რომ დღეს ჩვენ დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს იმედად ვართ და როდესაც დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროს იმ დონეზე ვემიჯნებით საქმით, როგორც ჩვენ მოვახერხეთ გამიჯვნა პრემიერის ყოველდღიური რიტორიკით,  რისი იმედი გვაქვს ჩვენ ხვალ?

სახელმწიფოებრივი ინტერესი ხომ ისაა, რომ საქართველო უნდა გაძლიერდეს, და დღეს, როდესაც დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს უპრეცედენტო ერთიანობაა  და არა მხოლოდ პოლიტიკური სამყაროს, ფიფა და უეფა, ოპერები და ყველა არიან ერთი  მიმართულებით მობილიზებული, ხომ შეიძლება ჩვენც გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები.

ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საჰაერო სივრცის დაკეტვა არაა სწორი სომხეთის გამო. მაგრამ ხომ შეიძლება ვიფიქროთ სანქციებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს უკვე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების თემასთან დაკავშირებით. ხომ შეიძლება ლუგანსკის და დონეცკის მიმართ, მათი ამღიარებლების მიმართ გავაკეთოთ სანქციები.  ეს არ ანგრევს ეკონომიკას, ეს არ არის სახიფათო,  უბრალოდ ჩვენ აქეთ უნდა მოვიმართოთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ინტეგრაციის თემაზე და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

„ბატონო თავმჯდომარე, იქნებ ამ სუპერ დაპირისპირების ნაცვლად ჩვენ ახლა ერთობლივ საპარლამენტო დელეგაციაზე ვიფიქროთ, სადაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთად ჩავალთ ბრიუსელში. ახლა ჩვენი საკითხის განხილვას არავინ აპირებს, მაგრამ ფიზიკურად იქ ვიყოთ. იქნებ პრეზიდენტისთვის აქედან მიგვემართა, საქართველოს პარლამენტის საერთო რეზოლუციით, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ჩვენი უპირობო მხარდაჭერა ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულების მცდელობაში.

ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ. არის უმძიმესი ვითარება, მაგრამ ამ ვითარებას ახლავს შანსები და ეს შანსები მხოლოდ ერთად ყოფნით იქნება გამოყენებული და არა ერთმანეთზე შეტევით”- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ნიუპოსტი